logo
ENG



მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა და შიმშილობას შეწყვეტს

19 ნოე 202121:02
3 წუთის საკითხავი
 
მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა და შიმშილობას შეწყვეტს

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა. 

როგორც სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, მესამე პრეზიდენტმა იუსტიციის მინისტრის შეთავაზება მიიღო.

"სააკაშვილის გადაწყვეტილება შემდეგია, იგი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას, გორის ჰოსპიტალში განთავსების შემდეგ. ჩვენთვის ეს ჰოსპიტალი უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილსი მიერ არის აშენებული და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილია. ჩვენ, სპეციალისტებისგან უნდა ვიცოდეთ, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს. ასევე ე.წ. შიმშილობის შემდგომი აღდგენის პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტებბის მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიშები. ეს ეხება ყველა კონსიკიუმს", - ამბობს ნიკა გვარამია. 

მისივე თქმით, სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში დღეს გადაიყვანენ. 

"მისი ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით. ზუსტ დროს ვერ გეტყვით. მისი პირადი ექიმი და ქალბატონი გიული [ალასანია] მასთან დარჩებიან. ჩვენ წავალთ გორში და მის ტრანსპორტირებას დავაკვირდებით, ასევე მის დაბინავებას პალატაში. ამის მერე დავტოვებთ გორს", - თქვა ნიკა გვარამიამ.  

აღსანიშნავია, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იყო ჩასული. მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "გორის ჰოსპიტალი სრულად აღჭურვილია და MRI-ს აპარატი ტექნიკურად გამართულია". მისივე თქმით, "გორის ჰოსპიტალი უსაფრთხო იქნება, სააკაშვილისთვის მოეწყო განსაკუთრებული პალატა". 

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 

გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა. 

მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ. 

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაითვალისწინონ ომბუდსმენის რეკომენდაციები და უმკურნალონ მას "ღირსეულად და სამართლიანად". 

17 ნოემბერს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასკვნა მოამზადა. კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკო­მენ­ებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ, შიმშილობა შეწყვიტეს სხვა პოლიტიკოსებმა, ასევე დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც 17 დღის განმავლობაში პარლამენტში შიმშილობდა. 


close დახურვა