logo
ENG

ჰარცელმა უარი თქვა დასწრებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას

25 ნოე 202113:03
3 წუთის საკითხავი
clock 476

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ამბობს, რომ მან მიიღო მოწვევა დასწრებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას პარლამენტში, თუმცა უარი თქვა, რადგან ეს მოსმენები იმ პროცესის ნაწილია, რომელიც, მისი თქმით, არ ესადაგება 19 აპრილის შეთანხმებას.

"მიგვიწვიეს დღევანდელ და ხვალინდემ მოსმენებზე დასასწრებად, უარი მარტივი მიზეზის გამო ვთქვით, ეს იმ პროცესის ნაწილია, რომელზეც აპრილიდან ვსაუბრობთ და ვისაუბრებთ ივლისშიც, ჩვენ ვიყავით შეშფოთებულები იმ ფაქტის გამო, რომ პირველ რიგში, ის არ ეთანხმება 19 აპრილის შეთანხმებას, არც იმ პირობებს, რომლებიც ევროკავშირის მაკროეკონომიკური თანამშრომლობისთვის იყო წარდგენილი. როგორც ვიცით ამას მოჰყვა შედეგები, ჩვენ ასევე მოვისმინეთ ოდირის შეფასებები მოსამართლეების ნომინაციასთან დაკავშირებით, ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, ვფიქრობთ აუცილებელია ამ პროცესთან შეწინააღმდეგება, რომ შემდგომი ნაბიჯების გადადგმამდე გადაიხედოს პროცედურა, ახლა მოსმენა მიმდინარეობს პარლამენტში, ახლა საკითხი თავად პარლამენტარების განსახიხლველია და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მათი მისაღებია" , - ამბობს კარლ ჰარცელი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი დაიწყო.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფუნდამენტური რეფორმების გატარებამდე მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა შეაჩეროს. გარდა ამისა, კითხვებს ბადებენ ის მოსამართლეებიც, რომლებიც ე.წ. კლანის წევრებად მიიჩნევიან. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალეა და კითხვებს არ ბადებს. 

მმართველმა პარტიამ უარი თქვა, შეესრულებინა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის, შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა, არ დაენიშნა უვადო მოსამართლეები უზენაეს საქართველოში სასამართლო რეფორმის გატარებამდე - 2021 წლის 12 ივლისს მმართველმა პარტიამ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა 6 მოსამართლე. 

ხელისუფლებამ ასევე არ შეასრულა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული კიდევ ერთი დათქმა გენერალური პროკურორის არჩევის წესის შესახებ - პარლამენტმა არ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის ფართო კონსენსუსით შერჩევას გულისხმობს.

close დახურვა