logo
ENG



"იცნობდეთ თავისუფალი სიტყვის ჯალათებს" - გვარამიას თქმით, ხვალიდან არხზე ახალი კლიპი გავა

25 ნოე 202121:02
3 წუთის საკითხავი
clock 1415
"იცნობდეთ თავისუფალი სიტყვის ჯალათებს" - გვარამიას თქმით, ხვალიდან არხზე ახალი კლიპი გავა

"იცნობდეთ თავისუფალი სიტყვის ჯალათებს და ბიძინა ივანიშვილის პირად ცენზორებს", - მთავარი არხის გენერალური დირექტორის განცხადებით, ხვალიდან ამ სათაურით არხზე ახალი კლიპი გავა. ნიკა გვარამია ამით გამოეხმაურა კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას, რომლითაც მთავარი არხი 112 000 ლარით დააჯარიმეს

"ფორმალურადაც და მატერიალურადაც აბსოლუტურად მცდარია ეს გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს ჩვენი სარედაქციო და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას. ეს არის ცენზურის გადაწყვეტილება.

მინდა, იცნობდეთ ივანიშვილის პირად ცენზორებს და თავისუფალი სიტყვის ჯალათებს, ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს.

მთავარი ჯალათი არის კახა ბექაური, თავისი კორუფციული სქემებით, შემდეგი არის ვახტანგ აბაშიძ და მესამე არის ეკატერინე იმედაშვილი. 

ხვალიდან ჩვენთან გავა ამ სამ ადამიანთან დაკავშირებით კლიპი - "იცნობდეთ თავისუფალი სიტყვის ჯალათებს და ბიძინა ივანიშვილის პირად ცენზორებს". ესეც პოლიტიკურ რეკლამად ჩაითვლება? ეს სამი ადამიანი გამოიტანს საკუთარ თავზე გადაწყვეტილებას, რომ პოლიტიკური რეკლამაა? ან პოლიტიკოსებს წარმოადგენენ? საარჩევნო კამპანიაა, თუ რა იქნება? გარწმუნებთ, რომ ამას ხვალ გავუშვებთ, ისევე, როგორც არ ვაპირებთ თანხის გადახდას და გავასაჩივრებთ სასამართლოში. ვნახოთ, სასამართლო გაუძლებს თუ არა ამ ტესტს", - აცხადებს ნიკა გვარამია.

მან, ასევე განაცხადა, რომ დაიწყო სოციალური რეკლამის უკანონო შეზღუდვა, რაც მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ არამხოლოდ "სირცხვილიას", არამედ, სხვა არასამთავრობო სექტორის მასალებსაც შეეხება:

"მაგალითად, გამჭვირვალობას, რომელიც ილაპარაკებს მთავრობის კორუფციაზე, მაგალითად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელიც ილაპარაკებს სასამართლო კლანზე, აი, ეს ყველაფერი რომ გავუშვათ, გვეტყვიან, რომ ესაა პოლიტიკური რეკლამა და ამისთვის დაგვაჯარიმებენ. არადა, ესაა მკაფიოდ სოციალური რეკლამა".

ნიკა გვარამიას თქმით, კომისიის მიერ დღეს დაკისრებულ ჯარიმაზე ზემოთ შეიძლება, იყოს ერთადერთი სანქცია - მაუწყებლობის უფლების შეჩერება. 

***

25 ნოემბერს მარეგულირებელმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ მთავარმა არხმა არაწინასაარჩევნო პერიოდში "პოლიტიკური რეკლამა" ეთერში კანონმდებლობის დარღვევით განათავსა. მარეგულირებელმა ტელეკომპანიას პოლიტიკურ რეკლამად ჩაუთვალა "სირცხვილიას" მომზადებული ვიდეო "ოცნების" საგარეო კურსზე და კლიპი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე.

ტელეკომპანიის იურისტის თამთა მურადაშვილის განცხადებით, კომისიამ ყველაზე დიდი ჯარიმა გამოიყენა, რაც კი ოდესმე მაუწყებლებისთვის დაუწესებიათ.

კერძოდ, საუბარია ვიდეორგოლზე, რომელშიც ქართული ოცნების წევრების გამოსახულებით იქმნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პორტრეტი. ვიდეორგოლი მოძრაობა სირცხვილიამ განათავსა მთავარი არხის ეთერში. სირცხვილიაში ამბობენ, რომ მათი ვიდეორგოლით ისინი ქვეყნის შეცვლილ საგარეო კურსს და ქვეყნის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ. 

ასევე, ჯარიმა დააწესეს კიდევ ერთი კლიპის გამოც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას ეხებოდა. 

მარეგულირებლის იურისტმა, თამარ ხუხნიაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ მთავარი არხისთვის აქამდე გამოყენებულ ჯარიმებს პრევენციული ხასიათი არ ჰქონდა.


close დახურვა