logo
ENG



სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

26 ნოე 202111:10
3 წუთის საკითხავი
 
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვირუსის ახალი ვარიანტი ქვეყანაში სწრაფად ვრცელდება.

 “თავდაპირველად, ეს კლასტერულ გავრცელებას ჰგავდა, მაგრამ გუშინ ჩვენმა მეცნიერებმა გენეტიკის სამსახურიდან დაადასტურეს, რომ საქმე ახალ ვარიანტთან გვაქვს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მეცნიერები ამბობენ, რომ შტამი უჩვეულოდ დიდი რაოდენობის მუტაციით ხასიათდება. ის ძალიან სწრაფად ვრცელდება  და მომდევნო რამდენიმე დღესა და კვირაში ჯანდაცვის სისტემაზე წნეხი შესამჩნევი გახდება. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვაქცინაციის ტემპი დაბალია და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები უკვე საუბრობენ კორონავირუსის მეოთხე ტალღაზე.

სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჯერჯერობით უცნობია პირველად სად გაჩნდა ახალი შტამი, რომელსაც B.1.1.529 უწოდეს, თუმცა ეს ვარიანტი ჯერჯერობით მხოლოდ სამხრეთ აფრიკასა და ბოტსვანაში დადასტურდა. ასევე ამ შტამითაა ინფიცირებული ერთი სამხრეთ აფრიკელი ტურისტი, ვინც ჰონგ-კონგს სტუმრობდა.

მეცნიერები და ოფიციალური პირები მოსახლეობას ურჩევენ, თავი აარიდონ მაღალი გავრცელების საშიშროების მქონე ღონისძიებებზე დასწრებისგან.

ამ ეტაპზე კვლევების სიმცირის გამო, ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, თუ რა გავლენა ექნება შტამის მუტაციებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობაზე. ასევე მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო მისი კლინიკური გართულებების გამოსავლენად.

აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკვე გააუქმა ფრენები აფრიკის 6 ქვეყანასთან. ეს ქვეყნები დაემატა ინგლისის მოგზაურების „წითელ სიასაც“. აფრიკის 6 ქვეყნიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს კი 10-დღიანი კარანტინის სასტუმროში გატარება მოუწევთ.

ახალ შტამს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც აკვირდება. ორგანიზაცია  კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების წარმომადგენლებს დღეს ხვდება.


close დახურვა