logo
ENG



საქალაქო სასამართლოსთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა

29 ნოე 202111:37
3 წუთის საკითხავი
clock 2472

მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოს ეზოსთან, მიხეილ სააკაშვილის პროცესთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტუაცია დაიძაბა, პოლიციამ აქციის მონაწილეების მისამართით სპეციალური წიწაკის სპრეი გამოიყენა.

დაშავებულია რამდენიმე მოქალაქე, რომლებმაც დასახმარებლად ადგილზე მყოფ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას მიმართეს. ერთმა ახალგაზრდა კაცმა გონება დაკარგა, რომელსაც უწევენ დახმარებას, ის კონტაქტურია და საკაცით გადაიყვანეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში.

გარდა ამისა, დაპირისპირება მოხდა სამოქალაქო აქტივისტ ბესიკ თამლიანსა და პოლიციას შორის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადებაშსს ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე კანონდარღვევის თიოთეულ ფაქტს მოჰყვება მყისიერი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან. ტერიტორიაზე განთავსებულია შესაბამისი საპოლიციო ტექნიკაც.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილია უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლო პროცესი. პოლიციის შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მიმდინარე სხდომის პარალელურად, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას დაიცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთანავე, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები, რათა აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და უზრუნველყონ, რომ სასამართლო პროცესმა, ასევე, განსასჯელის - მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებამ ჩაიაროს უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით.

კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება," - ნათქვამია განცხადებაში.

ფორმულა დაპირისპირების დროს შესაძლო დაკავებულების შესახებ ინფორმაციას შსს-ში არკვევს.


close დახურვა