თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ნორმებს.
"აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და მათ ძალადობრივი მეთოდებით წინააღმდეგობა გაუწიეს, სამართალდამცველებმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 15 პირი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - წერია შსს-ს განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად სასამართლოსთან ხმაურია. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.