მიხეილ სააკაშვილმა დღეს მის სასამართლო პროცესზე ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, რაშიც მას სასამართლო ბრალს სდებს, თქვა, რომ ამ საქმეში არსებობს ერთადერთი ჩვენება, რომელიც არ შეიძლება მიღებული იქნეს მტკიცებულებად.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, გელაშვილის საქმეში არსებული ერთადერთი ჩვენება არის hearsay, რაც ინგლისური ტერმინია და გამოიყენება სასამართლოზე მიცემული ისეთი ჩვენების აღსაწერად, სადაც მოწმე სხვის მიერ გადმოცემულს/ნანახს ყვება. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ არცერთ ქვეყანაში სასამართლოზე მსგავსი ჩვენება არ მიიღება სამართლებრივ მტკიცებულებად.
"მეორე საქმეზე აღარც ვლაპარაკობ, გელაშვილის საქმეზე ერთადერთი ჩვენება არის კლასიკური ინგლისური ტერმინი, ინგლისურიც არ გესმით თქვენ ალბათ, მაგრამ მე დამთავრებული მაქვს 4 უნივერსიტეტი დასავლეთში და მაინც ინგლისურად ვიტყვი - hearsay, რაც ნიშნავს რომ "მე გავიგე, რომ იმან გაიგო..." აი ამ ჩვენებით ვარ გასამართლებული, რომელიც არცერთ მსოფლიოს ქვეყანაში სამართლებრივად, არცერთ სასამართლო სისტემაში არ შეიძლება იქნეს მიღებული, როგორც მტკიცებულება." - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, განაჩენები, რომლებიც საქართველოს მხარემ ინტერპოლს გადაუგზავნა, ინტერპოლმა არ მიიჩნია განსახილველად და მესამე პრეზიდენტის თქმითვე, ინტერპოლის დირექტორის მოადგილემ მიხეილ სააკაშვილთან საუბარში საქართველოს პროკურატურას სამარცხვინო უწოდა.
"და რა გასაკვირია, რომ როცა ეს განაჩენები გამოიტანეს და ინტერპოლს გაუგზავნეს ინტერპოლმა გადაიხარხარა და თავზე გადაგახიათ თქვენ ეს ჩვენება, როგორც სამარცხვინო და არც დაუწყიათ განხილვა. მე თვითონ ველაპარაკე ინტერპოლის დირექტორის მოადგილეს, რომელმაც თქვა, რომ თქვენი პროკურატურა არის სამარცხვინო." - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
დღეს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს პირველად დაესწრო, მას ამის უფლებას არ აძლევდნენ. დღევანდელ პროცესზე 7 ნოემბრის საქმეს განიხილავენ. პენიტენციური სამსახური მის სხდომათა დარბაზში გადაყვანაზე უარს ამბობდა, მიზეზად კი "შესაძლო დესტრუქციას" ასახელებდა.
მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე საქმეა აღძრული, ზოგ მათგანზე განაჩენი გამოტანილია, ზოგიერთზე - ჯერ არა.
სანდრო გირგვლიანის საქმე - პროკურატურის მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილებას გადაამეტა, როცა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეიწყალა. ამ საქმეზე 2018 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს აეკრძალა საჯარო სამსახურში მუშაობა 1 წლისა და 6 თვის ვადით.
სააკაშვილი ფიგურირებს 7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეში. მას ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. 10 ნოემბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 7 ნოემბერის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე (ე.წ. პიჯაკების საქმე) - პროკურატურის ვერსიით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა. სასამართლოში მისი განხილვა დასრულებული ჯერ არ არის.
სააკაშვილს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო კვეთისთვის.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება არ მისცეს.
მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოში ჩამოვიდა. ის იმავე საღამოს დააკავეს, თუმცა, ბრალი 20 დღის შემდეგ წარუდგინეს.