logo
ENG



რიჰარდს კოლსი: სასამართლო სისტემის რეფორმები, პოლიტიკური სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია

30 ნოე 202114:02
3 წუთის საკითხავი
clock 883
რიჰარდს კოლსი: სასამართლო სისტემის რეფორმები, პოლიტიკური სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია

ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავენ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი რიგაში დაგეგმილი ნატოს მინისტერიალია, რომელიც დღეს გაიხსნება და მონაწილეობას საქართველოც იღებს.

სეიმის წევრებს ხელისუფლებასთან შეკითხვები ჰქონდათ 19 აპრილის დოკუმენტთან დაკავშირებით. ეს ის შეთანხმებაა, რომელიც შარლ მიშელის შუამავლობით დაიდო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და რომელიც მმართველმა პარტიამ ცალმხრივად დაარღვია.

ლატვიის სეიმის წევრები მოგვიანებით შეხვდებიან ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც და შარლ მიშელის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მათ შეფასებებსაც მოისმენენ.

სეიმის წევრებმა ისაუბრეს საქართველოში რეფორმების აუცილებლობასა და პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებისკენ სწრაფვაში.

შეხვედრისას ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის უკანონო ქმედებებს.

„ორმხრივ თანამშრომლობასთან ერთად სხვა მრავალმხრივ საკითხებსაც განვიხილავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ორ კვირაში იქნება. პრიორიტეტული რეფორმები, კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის რეფორმები, პოლიტიკური სტაბილურობა რომელიც უმნიშვნელოვანესია. შევეხეთ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ამჟამად რიგაში ვმასპინძლობთ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. რა თქმა უნდა, განვიხილავთ რეგიონულ საკითხებსაც, ასევე ნატოს პოტენციურ განვითარებას და სტაბილურობას. საქართველოც მიწვეულია ამ შეხვედრაზე დასასწრებად.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, კონკრეტულად არ გვისაუბრია. რასაც ვამბობთ ის არის, რომ პოლიტიკური სტაბილურობა არის უმნიშვნელოვანესი.

რა თქმა უნდა, მივუთითეთ [ქართული ოცნების წევრებს] აპრილში მიღწეულ შეთანხმებაზე, რომლის დროსაც ევროკავშირი მედიატორის როლს ასრულებდა. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს არჩევნების გზით და იძლევა ძლიერ მანდატს. მმართველი პარტიის ვალდებულებაა, რომ შეასრულოს დაპირებები“, - მედიასთან განაცხადა ლატვიის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, რიჰარდს კოლსმა.  

ლატვიის სეიმის წევრები უკვე შეხვდნენ ქართული ოცნების წევრს, არჩილ თალაკვაძეს. ახლა ისინი საკანონმდებლო ორგანოს საგარეო კომიტეტის წევრებს. დღის მეორე ნახევარში კი ისინი ოპოზიციურ პარტიებთან გამართავენ შეხვედრებს. 


close დახურვა