logo
ENG



ლავროვი: ვინც ბუქარესტის სამიტის თეზისებს დაზეპირებულად იმეორებენ, ცეცხლს ეთამაშებიან

03 დეკ 202113:20
3 წუთის საკითხავი
clock 1018

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ცეცხლს ეთამაშებიან იცინი, ვინც ბუქარესტის სამიტის თეზისებს იმეორებენ. ამის შესახებ მან ეუთოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, NATO-ს მცდელობები, რომ მეზობელი ქვეყნები მოსკოვთან წინააღმდეგობისთვის გამოიყენოს, მიუღებელია. როგორც ლავროვი ამტკიცებს, ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების საძირკველში ჩადებული ნაღმია.

"ერთხელ, 2008 წლის აგვისტოში, ეს ნაღმი აფეთქდა, როცა პერსპექტივისგან ეიფორიაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ავანტიურა გადაწყვიტა, რაც უმძიმესი შედეგებით დაუბრუნდა თვითონ საქართველოს და ევროპაში უსაფრთხოების კუთხით საშიშ ნიშნულს მიუახლოვა. ისინი, ვინც ბუქარესტის სამიტის თეზისებს დაზეპირებულად იმეორებენ და ამტკიცებენ, რომ NATO-ს გაფართოების საკითხში მესამე ქვეყნებს არ აქვთ პოზიციის გამოხატვის უფლება, ცეცხლს ეთამაშებიან", - თქვა ლავროვმა.

შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე ლავროვმა თქვა, რომ NATO აგრძელებს "უპასუხისმგებლოდ თავისი ინფრასტრუქტურის მიახლოებას" რუსეთის საზღვრებთან, რის ფონზეც სტრატეგიული სტაბილურობის არქიტექტურა იშლება. ამასთან, ის ამბობს, რომ ალიანსი დაძაბულობის განმუხტვაზე მოსკოვის შეთავაზებაზე უარს აცხადებს.

"ბრუნდება სამხედრო დაპირისპირების საშინელი სცენარი, რომელიც ჩვენმა კონტინენტმა NATO-ს ორმაგი გადაწყვეტილების გამო განიცადა. მიმდინარეობს უკრაინის სამხედრო დატუმბვა, რაც აძლიერებს კიევის განწყობას მინსკის შეთანხმებების საბოტაჟისკენ, კვებამ კონფლიქტის ძალისმიერი გადაწყვეტის ილუზიას", - ამბობს ლავროვი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს მოუწოდებს, უკრაინას გაუგზავნოს სიგნალი, რომ მინსკის შეთანხმება ვერ გადაიხედება.

სერგეი ლავროვს გამოსვლისას კითხვა დაუსვეს NATO-ში საქართველოს გაწევრიანებაზეც. მას უთხრეს, შეეფასებინა ვლადიმერ პუტინის განცხადება NATO-ს გაფართოებასთან დაკავშირებით და იყო თუ არა ეს მუქარა.

"ვიცი ეს "მანტრა", რომელსაც ნატოელები იყენებენ. ცოტა ხნის წინ გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააჟღერა, რომ მხოლოდ NATO-ს წევრები, საქართველო და უკრაინა გადაწყვეტენ, შევიდნენ თუ არა ეს ქვეყნები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში თუ არა. არავის აქვს ჩარევის უფლება. ეს არის კონკრეტული ჯგუფის ქვეყნების დეკლარირებული პოზიცია.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სამართალში არის სხვა პოსტულატები, ყველას მიერ აღიარებული. ბაზისური - თითოეულ სახელმწიფოს აქვს სრული უფლება აირჩიოს თავისი ლეგიტიმური ინტერესების უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ფორმები. ამ შემთხვევაში ვალდებულება, რომელიც ხელმოწერილია მაღალ დონეზე ყველა დასავლელი პარტნიორის, უკრაინისა, საქართველოს მიერ იმაზე, რომ უსაფრთხოება დაუყოფელია. არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება საკუთარი უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე უზრუნველყოფს", - თქვა ლავროვმა.


close დახურვა