logo
ENG



"შეუთავსებელია EU-ის ღირებულებებთან" - ბორელი კვლავ მოუწოდებს ოცნებას, გაიწვიოს კანონი

24 აპრ 202419:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/24/r7l5j4i7xel8xxd.jpg

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უკან გაიწვიოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შეახებ" კანონპროექტი, რომელიც მისივე თქმით, შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან.

ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს და აცხადებს, რომ გუშინ, ევროპარლამენტში დებატების დროს კრიზისების მართვის საკითხების ევროკომისარი იანეზ ლენარჩიჩი ჯოზეფ ბორელის სახელით გამოვიდა სიტყვით.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებული კანონი ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლას საფრთხეს შეუქმნის.

"გასული კვირების განმავლობაში, საქართველოს ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების გამოსაყენებლად და ხელისუფლებისგან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაწვევა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

შარშან შთამბეჭდავი კადრები საქართველოდან უკვე ვნახეთ. ყველა ასაკის მოქალაქეებს ხელში ქართული და ევროპული დროშები ეკავა, ისინი აჩვენებდნენ დემოკრატიის, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების და საქართველოს ევროკავშირისკენ გზის მტკიცე ერთგულებას. მაშინ მმართველი პარტია და მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს საჯაროდ დაპირდა, რომ მსგავსი კანონმდებლობა აღარასოდეს დაბრუნდება.

საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს კანონპროექტის გაწვევისკენ მოვუწოდებ. ისევე როგორც შარშან, ნათელია, რომ ეს კანონმდებლობა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან შეუთავსებელია. თუ მიიღეს, ეს  ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლას საფრთხეს შეუქმნის", - აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

ბორელის თქმით, საქართველოს მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ის ამბობს, რომ გასულ წელს მინიჭებულმა კანდიდატის სტატუსმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები უფრო დააახლოვა, ვიდრე ოდესმე. ის მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ.

ის ამბობს, რომ საქართველოში აქტიური სამოქალაქო საზოგადოებაა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ წინსვლას ევროკავშირისკენ, ინიცირებული კანონპროექტი კი შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობას, გამოხატვის თავისუფლებას.

"სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების მუშაობა უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. საქართველოს ჰყავს აქტიური და მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ წინსვლას ევროკავშირის წევრობისკენ.  შემოთავაზებული კანონმდებლობა შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობას, შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და მოახდენს საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი ორგანიზაციების უსამართლოდ სტიგმატიზირებას. ეს ასევე იმოქმედებს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაზე, რადგან ეს ნაწილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდება. გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქნას გამოყენებული.

კომისიამ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ სამუშაოს, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს - კერძოდ განსახორციელებელ ცხრა ნაბიჯს. როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, საქართველო უნდა შეესაბამებოდეს კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, რომელიც კონკრეტულად მოითხოვს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპების დაცვას. მხოლოდ მნიშვნელოვანი და შეუქცევადი წინსვლა ამ ფუნდამენტურ სფეროებში განსაზღვრავს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნასა და საერთო ტემპს", - აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

ბორელის თქმით, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მიაღწიონ კონსენსუსს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის ირგვლივ.

"დაბოლოს, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, მიაღწიონ კონსენსუსს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის ირგვლივ. ყველა პოლიტიკური ლიდერისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, შეამცირონ პოლარიზაცია და პოზიტიურად და კონსტრუქციულად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. გაფართოება მაშინ არის წარმატებული, როდესაც მთელი ქვეყანა ამ მიზნის ირგვლივ ერთიანდება. ის ასევე არის ნებისმიერი ქვეყნის სტრატეგიული არჩევანი, რომელიც გადაწყვეტს, ამ გზას დაადგეს. ეს არის არა მხოლოდ ჩვენს ნორმებთან ვალდებულება, არამედ ჩვენს ღირებულებებთანაც შესაბამისობის ვალდებულება", - აცხადებს ბორელი. 


close დახურვა