
2 ნოემბერს ჩინელმა ქალმა ჩოგბურთელმა, პენგ შუაიმ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყოფილ მაღალჩინოსანსა და ვიცე-პრემიერს, ჟენგ გაოლის, სექსუალურ ძალადობაში ამხელდა. ჩინურმა ცენზურამ პოსტი რამდენიმე წუთში წაშალა, თავად პენგ შუაი კი მას შემდეგ უკვალოდ გაქრა, მის შესახებ 2 კვირის განმავლობაში არაფერი იყო ცნობილი.
საერთაშორისო სკანდალის აგორების შემდეგ, რომელშიც თითქმის მთელი მსოფლიო საჩოგბურთო სამყარო ჩაერთო, ჩინეთის მთავრობასთან დაახლოებულ მედიაში გამოჩნდა ონლაინ-მიმართვა, რომელსაც ხელს პენგ შუაი აწერდა. ის იუწყებოდა, რომ თავს კარგად გრძნობს და მადლობას უხდის ყველას, ვინც მისი ამბით დაინტერესდა. 21 ნოემბერს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ტომას ბახი, 30 წუთის განმავლობაში ელაპარაკა პენგს. საუბარს ჩინეთის სპორტული კომიტეტის წარმომადგენელიც ესწრებოდა. ბახის თქმით, შუაი პენგი თავს მშვიდად გრძნობდა, საზოგადოებას კი მისი პირადი სივრცის პატივისცემა და დაცვა ითხოვა. ერთი შეხედვით დამაიმედებელმა ინფორმაციამ სიტუაცია ვერ განმუხტა, რადგან განმარტება იმის შესახებ თუ როგორ მოხერხდა ჩოგბურთელთან დაკავშირება, არ გაკეთებულა, ვიდეო კი არ გასაჯაროებულა.
შედეგად, ქალთა ჩოგბურთის ასოციაციამ, WTA-მ, მიიღო გადაწყვეტილება ჩინეთში დაგეგმილი ტურნირების უვადოდ გადადების შესახებ. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში ჩინეთის სახელმწიფო მედიასთან დაკავშირებულმა პირმა, შენ შივეიმ განაცხადა, რომ პენგ შუაი განაწყენებულია ასოციაციის უსამართლო გადაწყვეტილების გამო. მალევე WTA-ის პრეზიდენტმა, სტივ სიმონმა, CNN-თან ინტერვიუში არ დამალა ეჭვი, რომ პენგის ვიდეო-საუბრები შესაძლოა „ორკესტრირებული” ყოფილიყო, სინამდვილეში კი მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს.
ბოიკოტს ტენისის სუპერვარსკვლავებიც შეუერთდნენ. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, პენგსა და საჩოგბურთო ასოციაცის სრული მხარდაჭერა გამოუცხადა: „აქ საუბარი ჩოგბურთელის სიცოცხლეზეა, ამიტომ მთელი საჩოგბურთო სამყარო უნდა გაერთიანდეს.” ქალთა ჩოგბურთის ლეგენდამ, მარტინა ნავრატილოვამ, WTA-ის გადაწყვეტილებას მამაცი ნაბიჯი უწოდა, ოლიმპიური კომიტეტი კი პასიურობის გამო გააკრიტიკა. ჩინეთი ამ თემაზე დასავლურ მედიასთან არ თანამშრომლობს. სამგზის ოლიმპიელი პენგ შუაის მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის შესახებ ისევ არაფერია ცნობილი.