logo
ENG



კალაძე: რატომ გაქვთ აგრესია ჯვარზე? რუსთაველის ზუნზლიან კარვებზე რატომ არ მკითხეთ?

04 დეკ 202120:22
3 წუთის საკითხავი
clock 1134
2021/12/04/mkip0rhdak4f290.jpg

თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებს ეკითხება, თუ რატომ აქვთ მათ აგრესია პარლამენტის წინ ძალადობრივი დაჯგუფებების მიერ დადგმულ ჯვართან და ამბობს რომ არ ახსოვს მისთვის დაესვათ კითხვა - რატომ არ იღებდნენ რუსთაველიდან, მისი თქმით, "ზუნზლიან და აყროლებულ" კარვებს.

"რატომ გაქვთ ეგეთი აგრესია ჯვართან? რავიცი, ქრისტიანები ვართ, მართლმადიდებლები ვართ. რატომ გაქვთ ასეთი აგრესია? მე არ მახსოვს თქვენი მხრიდან მოსულიყავით და დაგესვათ ჩემთან შეკითხვა, როდესაც ის ზუნზლიანი კარვები იყო და აყროლებული ჰქონდათ რუსთაველი. არასდროს არ მოსულხართ და არ დაგისთვიათ შეკითხვა, რატომ არ ვიღებთ კარვებს. რომ არ არის ერთი და იგივე [კარავი და ჯვარი] ზუსტად ამიტომ უნდა იყოს ეგ ჯვარი იქ." - ამბობს თბილისის მერი კახი კალაძე.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის წინ არსებული ჯვრის ფორმის კონსტრუქცია არ მოიხსნება. 

"არანაირი კონსტრუქცია არ მოიხსნება. რა თქმა უნდა გამართლებულად მიმაჩნია, გამართლებულად მიმაჩნია და ველოდებით ჩვენ პროექტს საპატრიარქოსთან, რომ გარკვეული პროექტი იქნეს განხორციელებული, 9 აპრილს დაღუპულთა უკვდავსაყოფად და ზოგადად ბევრი მძიმე დღე ახსოვს ამ სივრცეს და შესაბამისად გაკეთდება პროექტი, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლობლობას, რომ არ დავივიწყოთ...ეს კონსტრუქცია დარჩება, სანამ ახალი პროექტი არ განხორციელდება."- თქვა კალაძემ.

პარლამენტის წინ ჯვრის ფორმის კონსტრუქცია ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს დადგეს.

ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის გამო თბილისის ქუჩებში დარბოდნენ და ადამიანებს ესხდმოდნენ თავს. მათ დაარბიეს Tbilisi Pride-ის ოფისი, ასევე ეცადენენ მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შევარდნასაც და იმ შენობის სადარბაზო დააზიანეს, სადაც ოფისი იყო განთავსებული. 

5-6 ივლისს აქციებზე ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის გამო დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი.

 

close დახურვა