რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის ორსაათიანი ონლაინშეხვედრა დასრულდა. როგორც ირკვევა საუბრის მთავარი თემა უკრაინა და მასთან ახლოს რუსული ჯარების განთავსება გახდა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების მობილიზების გამო. ბაიდენმა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადა.
"მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ და ჩვენი მოკავშირეები ესკალაციის შემთხვევაში მტკიცე ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ", - აღნიშნავს ბაიდენის ადმინისტრაცია.
გარდა ამისა, პუტინი და ბაიდენი მოლაპარაკებების დროს შეეხნენ კიბერუსაფრთხოებას, სტრატეგიულ სტაბილურობას, ასევე აშშ-სა და რუსეთი ერთობლივ მუშაობას რეგიონულ საკითხებზე, მათ შორის ირანის მიმართ.
კრემლში აცხადებენ, რომ პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკებები "ღია და საქმიან ხასიათს" ატარებდა. როგორც რუსეთში აღნიშნავენ, საუბარში მთავარი ადგილი ეკავა "პრობლემატიკას, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის შიდა კრიზისსა და მინსკის შეთანხმების განხორციელების პროგრესის არქონას".
რუსული მხარე, ასევე, აღნიშნავს, რომ უკრაინასთან ვითარების გამწვევის შემთხვევაში აშშ სანქციებით იმუქრება. თავის მხრივ, პუტინმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსეთის საზღვრებთან NATO სამხედრო პოტენციალს ზრდის და უკრაინის ტერიტორიის ათვისების სახიფათო მცდელობები აქვს.
"ამიტომაც რუსეთი სერიოზულადაა დაინტერესებული მიიღოს სანდო, იურიდიულად დაფიქსირებული გარანტიები, რომელიც გამორიცხავს NATO-ს გაფართოებას აღმოსავლეთის მიმართულებით და იარაღის სისტემების განლაგებას რუსეთის მიმდებარე ქვეყნებში", - აცხადებენ კრემლში.
პუტინმა ბაიდენს შესთავაზა დიპლომატიური მისიების ფუნქციონირებაზე შეზღუდვები მოეხსნათ.