logo
ENG



თბილისი პრაიდი პარლამენტს მოუწოდებს, 5 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისია შექმნან

08 დეკ 202114:40
3 წუთის საკითხავი
clock 1518
თბილისი პრაიდი პარლამენტს მოუწოდებს, 5 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისია შექმნან
Euronews Georgia

თბილისი პრაიდი პარლამენტს მოუწოდებს, რომ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებზე დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნან. გარდა ამისა, სხვა საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებით, ხელი შეუშალონ საქართველოში ღიად ძალადობრივი და ანტი-სახელმწიფოებრივი ძალების გაძლიერებას.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 5 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებელმა ალტ-ინფომ და მისმა მხარდამჭერებმა პოლიტიკური პარტია შექმნეს. მათ მიერ წახალისებული ძალადობის შედეგად კი ათობით ჟურნალისტს თავს დაესხნენ და სცემეს, თავდასხმიდან რამდენიმე დღეში კი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. თბილისი პრაიდში ამბობენ, რომ ალტ-ინფოს ლიდერებმა არაერთი სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, თუმცა სახელმწიფო უწყებები მათ არ სჯიან, რადგან "თავად არიან 5 ივლისის ძალადობის თანაორგანიზატორები".

"ალტ-ინფო ღიად აცხადებს თავისი პრორუსული ორიენტაციის შესახებ. ალტ-ინფოს ლიდერების ამბობენ, რომ "საქართველოს არ აქვს არანაირი ევროპული მომავალი" და რომ "არ ღირს ოკუპაციის დემონიზება". საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მათ წარმოუდგენიათ რუსეთთან დიალოგით, და მიესალმებიან რუსეთის სამხედრო ბაზებს საქართველოში. ასევე, ალტ-ინფოს ღია მხარდამჭერია კრემლთან დაახლოებული რუსი ულტრანაციონალისტი ფიგურა, ალექსანდრ დუგინი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალტ-ინფო საქართველოში რუსეთის იმპერიული ინტერესების ერთ-ერთი სახეა.

ალტ-ინფო აცხადებს, რომ მათი მიზანია ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, თუმცა ისინი თავად წარმოადგენენ საფრთხეს საქართველოსთვის - ერთი მხრივ, როგორც ულტრამემარჯვენე ძალადობრივ-ექსტრემისტული ჯგუფი და მეორე მხრივ, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათ მიაჩნიათ, რომ ულტრამემარჯვენე რადიკალიზაციისა და ძალადობრივის ექსტრემიზმის პრევენციის პოლიტიკის არარსებობა, დანაშაულების დაუსჯელობა, ძალადობის ირიბი წახალისება, და ბოლოს, მათი პარტიად რეგისტრაცია - არის უდიდესი ჩავარდნა როგორც ადამიანის უფლებების, ასევე უსაფრთხოების სფეროში.


close დახურვა