logo
ENG



მიქელაძე: ცნობილია, რომ რამაზანოვს ოჯახთან კავშირი აქვს, სად იმყოფება, არ ვიცით

09 დეკ 202114:21
3 წუთის საკითხავი
 

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტის, თამთა მიქელაძის თქმით, მათთვის ცნობილია, რომ დმანისის საკრებულოს წევრის, რამიზ რამაზანოვს კონტაქტი აქვს ოჯახთან, თუმცა მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატ რამიზ რამაზანოვს ორი დღეა ეძებენ. როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რამაზანოვზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს.

თამთა მიქელაძის თქმით, ის პროცესები, რომელიც არჩევნების შემდეგ რეგიონებში ვითარდება, შემაშფოთებელია. როგორც ის აღნიშნავს, ხელისუფლება ვერ იაზრებს, თუ რას ნიშნავს ძალაუფლების დემოკრატიული გადანაწილება და ცდილობს, ძალაუფლების სრული კონსოლიდაციას და ამისთვის კი შევიწროებისა და დაშინების პრაქტიკას იყენებს.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ [რამიზ რამაზანოვს] ოჯახთან კავშირი აქვს და ის არის ცოცხალი და კარგად. თუმცა დეტალების, თუ სად იმყოფება, არ ვიცით. რა თქმა უნდა, ამ საქმის კონტექსტი აჩენს ეჭვებს, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ ზეწოლას და შევიწროებას. რა თქმა უნდა, მძიმე გამოცდილება, რაც ჩვენ გვქონდა სხვა რეგიონებში ამგვარი შემთხვევების, იგივე ნუგზარ ფუტკარაძის საქმე შეგვიძლია გავიხსენოთ. არ შეიძლება, არ გავიხსენოთ ია კერზაიას საქმე. მით უფრო, რომ ბატონი რამაზანოვი იყო სკოლის დირექტორი და, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ის კარგად უძღვებოდა თავის საქმე. ერთი კვირის წინ მას მოულოდნელად მოუწია, ინსპექტირების შემდეგ, განცხადების დაწერა და გათავისუფლება", - თქვა მიქელაძემ ფორმულას ეთერში.

დმანისის საკრებულოს 15 წევრი ქართული ოცნების წევრია, 15 კი - ოპოზიციის. 3 დეკემბერს, როცა ახლადარჩეული საკრებულო პირველად შეიკრიბა, ოპოზიციონერებმა ბოიკოტი გამოაცხადეს და სხდომა ჩაიშალა.

იმავეს გეგმავენ 10 დეკემბრის სხდომაზე. 

იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს სხდომა ჩაიშლება და თავმჯდომარის არჩევა კვლავ ვერ მოხერხდება,  რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს, რაც მმართველი გუნდისთვის არახელსაყრელია. 

დმანისელი ოპოზიციონერების თქმით, სწორედ ამის თავიდან ასარიდებლად ქართულმა ოცნებამ პოლიტიკოსებზე ზეწოლა დაიწყო. 


close დახურვა