ახალი ზელანდია მომავალი თაობისთვის თამბაქოს მიყიდვას აკრძალავს. ამ გადაწყვეტილების მიზანი დროთა განმავლობაში სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებებაა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ახალი კანონის მიხედვით, რომელიც ძალაში მომავალი წლიდან შევა, ყველა იმ ადამიანს, ვინც 2008 წლის შემდეგაა დაბადებული სიგარეტის და თამბაქოს სხვა პროდუქტების შეძენა არ შეეძლება.
„ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ახალგაზრდები არასდროს დაიწყებენ მოწევას“, - აცხადებს ახალ ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრი.
ეს გადაწყვეტილება ნაწილია მოწევასთან დაკავშირებული იმ მასშტაბური შეზღუდვებისა, რის შესახებაც ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა ხუთშაბათს განაცხადა.
ექიმები და ჯანდაცვის ექსპერტები მიესალმებიან ამ „მსოფლიოს წამყვან“ რეფორმებს, რომლებიც თამბაქოზე წვდომას შეამცირებს და სიგარეტში ნიკოტინის დონეს შეზღუდავს.
„ეს დაეხმარება ადამიანებს რომ მოწევას თავი დაანებონ, ან გადავიდნენ სხვა, ნაკლებად საზიანო პროდუქტებზე და ასევე ნაკლებად სავარაუდო იქნება, რომ ახალგაზრდა ადამიანები ნიკოტინზე დამოკიდებული გახდებიან“, - განაცხადა ოტაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა ჯანეტ ჰუკმა.
მოსალოდნელ რეფორმებს ქვეყანაში სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს რეფორმა პრაქტიკაში არ იმუშავებს. ადამიანები ვარაუდობენ, რომ პრობლემა არ აღმოიფხვრება, რადგან შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში გაჩნდება თამბაქოს შავი ბაზარი.
ახალი ზელანდიის მიზანი 2025 წლისთვის ქვეყანაში მოწევის დონის 5%-ით შემცირება, დროთა განმავლობაში კი სრულად გაქრობაა.
ამ მომენტისთვის ახალ ზელანდიაში ზრდასრულთა 13% მწეველია.