logo
ENG



გაუჩინარების შემდეგ რამაზანოვი საკრებულოს სხდომაზე მივიდა და თავმჯდომარის მოადგილე გახდა

10 დეკ 202114:07
3 წუთის საკითხავი
clock 862

დმანისის საკრებულოს სხდომაზე კვორუმის შედგენაში ხელშეწყობის შემდეგ თავმჯდომარე აირჩიეს. იგი ქართული ოცნების დეპუტატი პაატა ყულიაშვილია. 

მას თავმჯდომარეობისთვის 16 ხმა სჭირდებოდა, როცა ჯამში "ოცნებას" 15 დეპუტატი ჰყავს. მე-16 ხმა ენმ-ს უკვე ყოფილი დეპუტატის, რამიზ რამაზანოვის არის, რომელიც ბოლო 2 დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. გამოჩენის შემდეგ განაცხადა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება. იგი დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს.

ოპოზიცია ამბობს, რომ რამაზანოვზე ზეწოლა მიმდინარეობდა. თავად რამაზანოვი ამას უარყოფს და ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ბოლო 2 დღე ახლობლებთან იყო "საქმეზე".

"ზეწოლა არ იყო, არაფერი არ იყო. დმანისი იყო ჩიხში. ამის გამოსავალი ხომ უნდა იყოს? ხალხი რაღაცას ელოდება ჩვენგან. მეც ვიფიქრე, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა. ამიტომ შემოვედი აქ და ავირჩიე თავმჯდომარე. ამირჩიეს, მოადგილედ, მადლობელი ვარ", - უთხრა რამაზანოვმა ჟურნალისტებს. 

დმანისის საკრებულოს 15 წევრი ქართული ოცნების წევრია, 15 კი - ოპოზიციის. 3 დეკემბერს, როცა ახლადარჩეული საკრებულო პირველად შეიკრიბა, ოპოზიციონერებმა ბოიკოტი გამოაცხადეს და სხდომა ჩაიშალა.

იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს სხდომა ჩაიშლებოდა და თავმჯდომარის არჩევა კვლავ ვერ მოხერხდებოდა,  რიგგარეშე არჩევნები უნდა დანიშნულიყო, რაც მმართველი გუნდისთვის არახელსაყრელია. 

დმანისელი ოპოზიციონერების თქმით, სწორედ ამის თავიდან ასარიდებლად ქართულმა ოცნებამ პოლიტიკოსებზე ზეწოლა დაიწყო. 


close დახურვა