ნაციონალური მოძრაობა ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ვინაიდან ეს არის კლასიკური ტიპის საახალწლო მიღება, მადლობა მათ მოპატიჟებისთვის, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებთ. მონაწილეობას მივიღებთ მას შემდეგ, როდესაც შეხვედრა გაიმართება იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ქალბატონმა ზურაბიშვილმა ისაუბრა რამდენიმე დღის წინ", - თქვა მელიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის წევრები ორბელიანის სასახლეში საახალწლო მიღებაზე მიიწვია. როგორც ცნობილია პოლიტიკოსების ნაწილმა მისაწვევები უკვე მიიღო.
10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე თქვა, რომ "პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად".
შერიგების შესახებ ლაპარაკი თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. 2021 წლის 14 ოქტომბერს, რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში ექსპრეზიდენტი წერდა, რომ "თუ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ, აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე".