ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ სამოქალაქო თანხმობაზე საუბარი ფუნდამენტურ პრინციპებზე შეთანხმებას გულისხმობს. როგორც მან აღნიშნა, სამოქალაქო თანხმობაზე საუბარი "რუსთაველის გამზირზე სეირნობას არ ნიშნავს".
"უკანასკნელი დღეების განმავლობაში ბევრი ადამიანი საუბრობს, ვინ ვის უნდა შეურიგდეს. აქ შერიგებაზე არაა... სამოქალაქო თანხმობაზე როდესაც ვსაუბრობთ, სამოქალაქო თანხმობა არ ნიშნავს იმას, რომ ხელიხელ ჩაკიდებულებმა ვისეირნოთ მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირზე. ეს ნიშნავს, რომ ფუნდამენტურ პრინციპებზე შევთანხმდეთ და ასე იმართებოდეს სახელმწიფო", - ამბობს მელია.
შერიგების შესახებ ლაპარაკი თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. 2021 წლის 14 ოქტომბერს, რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში ექსპრეზიდენტი წერდა, რომ "თუ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ, აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე".
10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე თქვა, რომ "პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად".
ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ მზად არის, შეუერთდეს პრეზიდენტის ამ ინიციატივას. მისივე თქმით, ეს გულისხმობს არა პოლიტიკოსების შერიგებას, არამედ თამაშის წესებზე შეთანხმებას, სამართლიანი სასამართლოს შექმნას და არჩევნების ჩატარებას.
იმავე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "შერიგებას პოლიტიკაში აქვს გარკვეული წინაპირობები და ამის წინაპირობა, პირველ რიგში, სინანული და მონანიებაა".
"როცა ენმ იტყვის, რომ არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა და მოინანიებს, შევრიგდებით", - თქვა კობახიძემ.
11 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს და გიორგი მარგველაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში "პრეზიდენტების შეხვედრა" შესთავაზა.