logo
ENG



პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებაზე კურთხევა სთხოვა

15 დეკ 202115:34
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საპატრიარქოში პირისპირ შეხვედრისას პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებაზე საკუთარი ინიციატივა გააცნო, რაზედაც პატრიარქს კურთხევა სთხოვა.

პრეზიდენტი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს დღეს, 15 დეკემბერს შეხვდა.

ამავე შეხვედრას გამოეხმაურა საპატრიარქოც. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ილია მეორე და ეკლესიაც დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას, "მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე".

ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისათვის ხვალ, 16 დეკემბერს, 19:00 საათზე საახალწლო მიღებას გამართავს. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს  ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს.

10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე თქვა, რომ "პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად".

ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ მზად არის, შეუერთდეს პრეზიდენტის ამ ინიციატივას. მისივე თქმით, ეს გულისხმობს არა პოლიტიკოსების შერიგებას, არამედ თამაშის წესებზე შეთანხმებას, სამართლიანი სასამართლოს შექმნას და არჩევნების ჩატარებას. 

იმავე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "შერიგებას პოლიტიკაში აქვს გარკვეული წინაპირობები და ამის წინაპირობა, პირველ რიგში, სინანული და მონანიებაა". 

"როცა ენმ იტყვის, რომ არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა და მოინანიებს, შევრიგდებით", - თქვა კობახიძემ. 

11 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს და გიორგი მარგველაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში "პრეზიდენტების შეხვედრა" შესთავაზა.

 


close დახურვა