პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პოლიტიკურ პარტიებს გააცნო, რას ფიქრობს და როგორ წარმოუდგენია "ეროვნული თანხმობის" პროცესი.
თავის სიტყვაში მან განაცხადა, რომ პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, წინაპირობების გარეშე და "ქართული", პრეზიდენტის აზრით, პარტნიორებს "პროცესის შიგნიდან გაგება არ აქვთ".
- "ეს პროცესი უნდა ეყრდნობოდეს რამდენიმე მთავარ პრინციპს. ერთი არის ინკლუზიურობა. დღეს ყველა არის პოლარიზებული, ყველა დარგი, სექტორი, საზოგადოების თუ პოლიტიკის, ყველანი აბსოლუტურად. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული.
- ეს პროცესი უნდა იყოს სრულიად გამჭვირვალე. დაიწყება კონსულტაციებით, ინდივიდუალურ, თუ ჯგუფურ დონეზე ყველა სფეროს მონაწილეობით, ეს ყველაფერი უნდა იყოს ძალიან ვრცელი კომუნიკაციის ფონზე;
- ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება, წინ უსწრებდეს რამე ფორმის წინაპირობა. მე მესმის სხვადასხვა წინაპირობები და ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები ახალ პოლარიზაციას და ახალ დაპირისპირებას წარმოშობს. ნიშნავს რომ პროცესი შევა ჩიხში. არაფერი არაა გამორიცხული, მაგრამ ყველაფერი პროცესშია მოსაგვარებელი, მოსალაპარაკებელი და გასაანალიზებელი.
- თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა. ეს ცუდად იყო გაგებული. დაიწყო ამის გარკვევა, როგორ უნდა შევურიგდე იმას თუ ამას? და რატომ უნდა შევურიგდე? შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და გაგებით, მითუმეტეს როცა წარსულს ეხება ან აწმყოს. გრძელდება სამართლიანობით და მერე შეიძლება, შედგეს შერიგება, რომელსაც მე მირჩევნია, დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი;
-
ეს პროცესი უცხოელებთან ერთად, თუ ქართული პროცესი უნდა იყოს, ეროვნული პროცესი? მე დარწმუნებული ვარ, გამოცდილებაც მივიღეთ, რომ ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი. ჩვენ მივედით იქამდე, რომ გარედან რაც არ უნდა იყოს ძალისხმევა, მონდომება ჩვენი პარტნიორების მხრიდან, იმათ არ აქვთ შიგნიდან ის გაგება, რომ მართონ ასეთი მძიმე, ძლიერი და ხანგრძლივი პროცესი", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა მიღებაზე.
სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებული სიტუაციის დახასიათებისას თქვა, რომ საზოგადოება "გადაღლილია", "ძალიან მძიმე მდგომარეობა" კი "გაუსაძლისია" ყველასთვის. მანვე დაამატა, რომ ამას ემატება კოვიდი, სოციალური პირობები, ეკონომიკური პირობები. მისი შეფასებით, ყველაფერი დაყოფილია, მათ შორის, ეკლესიაც.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პოლიტიკური პარტიები მიიწვია. შეხვედრას ქართული ოცნებიდან ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო ესწრებოდნენ.
ოპოზიციიდან მიღებაზე არ მივიდნენ ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს ლიდერები. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არაფორმალურ შეხვედრაზე ვერ მივიდოდა.
"მონაწილეობას მივიღებთ მას შემდეგ, როდესაც შეხვედრა გაიმართება იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ქალბატონმა ზურაბიშვილმა ისაუბრა რამდენიმე დღის წინ", - თქვა მელიამ.
***
10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე თქვა, რომ "პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად".
შერიგების შესახებ ლაპარაკი თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. 2021 წლის 14 ოქტომბერს, რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში ექსპრეზიდენტი წერდა, რომ "თუ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ, აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე".