logo
ENG



ე.წ. ობშიაკები, ნარკოტიკები, თამაშები - შაბათის ფორმულამ ციხის აუდიო ჩანაწერები მოიპოვა

18 დეკ 202120:16
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ანონიმურმა წყარომ ციხის მოქმედი თანამშრომლებისა და მაყურებლების საუბრების 50-ზე მეტი აუდიო ფაილი გადასცა. ფარული აუდიო ფაილებით დგინდება - რა ხდება ციხეში, ვინ კრებს და ვინ განაგებს ციხის საერთოს (ე.წ. ობშაკს), ვინ არიან ის მაღალჩინოსნები ვინც ციხის საერთოდან წილს, სოლიდურ თანხას ყოველთვიურად იღებენ. 

საუბარია ქსნის მე-15 და რუსთავის მე-17 ღია ტიპის დაწესებულებებზე. ციხიდან გამოტანილი ფარული ჩანაწერების მონაწილე რუსთავის მე-17 ციხის მაყურებლები და ციხის ბადრაგები არიან. ჩანაწერები სხვადასხვა დროსაა გაკეთებული - 2020 წლიდან დღემდე. 

ჩანაწერში ციხის ერთ-ერთი მაყურებელი, იგივე პალაჟენეცი ახსენებს გია ქემოკლიძეს, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, მეტსახელად ცვეტნოის

კერძოდ, ციხის ყოფილი მაყურებელი, ე.წ. ობშიაკის გატანაზე საუბრობს. ამ ჩანაწერიდან ირკვევა, რომ რუსთავის მე-17 საპატიმროს ამჟამად ვინმე ბონდო მართავს. მან შეგროვილი ე.წ. ობშიაკი და ფულის აკრეფის დამადასტურებელი ჩანაწერი - პასპორტი, იგივე ტყავი, როგორც მას კრიმინალურ სამყაროში უწოდებენ, ციხიდან უნდა გაიტანოს. ჩანაწერების მიხედვით, ამ ე.წ. პასპორტის გატანაში მათ დახმარებას ცვეტნოიიგივე გია ქემოკლიძე ჰპირდება. ჩანაწერებით დასტურდება, რომ პენიტენციური სამსახურის დირექტორის მოადგილე ე.წ. ობშიაკის თემებში გამოცდილია.

შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებული აუდიო ფაილებით ირკვევა, რომ ციხის ე.წ. პალაჟენეცის და გია ცვეტნოი ქემოკლიძის შორის საერთოს გამოტანის გამო, ურთიერთობა იძაბება. სასჯელაღსრულების მაღალჩინოსანი მას დაკავებით ემუქრება, თუმცა კრიმინალური ავტორიტეტი პირიქით, საპასუხო მუქარას უთვლის და აშინებს, რომ დაჭერის მცდელობის შემთვევაშიც კი ალაპარაკდება და ციხეში თავად ქემოკლიძე მოხვდება. 

ჩანაჭერების მიხედვით, ქემოკლიძემ ე.წ. ობშიაკიდან მიღებული თანხებით სოლიდური ქონება მოაგროვა. 

ციხეებში, სადაც ქართული ოცნება ირწმუნება, რომ ყველაფერი კანონს ემორჩილება, იქ, სადაც გაკეთებული ფარული თუ დადგმული ჩანაწერებით ამ პოლიტიკურმა ძალამ ხელისუფლებაში მოსვლა შეძლო, ყველაფერს ქურდები აკონტროლებენ. ჩანაწერებში საუბრობენ, რომ ერთ ციხეში თვეში მინიმუმ 70 000 ლარი მხოლოდ ე.წ. პადიომიდან გროვდება. 

ციხის ბადრაგის ინფორმაციით, ფული ციხიდან ასლან ქობულაძესთან იგივე ასლან ბათუმსკისთან თურქეთში იგზავნება, სხვა ქურდები კი აკონტროლებენ ციხის თამაშებიდან აკრეფილ ე.წ. ობშიაკს, პატიმრების ოჯახის წევრებისგან გამოძალული ფულის წილში მუდმივად არიან ციხის ხელმძღვანელებიც.  

სქემა ასეთია: 

ე.წ. პადიომი - პატიმრის ახლობლებს ციხის გარეთ ფული რამდენიმე ადგილას მიაქვთ, მათ შორის სამღვდელოების წარმომადგენლებთანაც, ეს ფული შემდეგ იკრიბება. მინიმალური თანხა 30 ლარია. ისინი კი, ვინც ნაღდი ფულის დადებას ვერ ახერხებენ, იძულებულები არინ ციხის მაღაზიაში სიგარეტი იყიდონ, რომელსაც მაყურებელს აბარებენ და შემდეგ ციხიდან გადის და ფულზე ხურდავდება. ამ სქემას ფარული ჩანაწერების გარდა, შაბათის ფორმულას უდასტურებს ციხის ყოფილი თანამშრომელიც. 

ფული ასევე გროვდება თამაშებით, რომლებიც ე.წ. ობშიაკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. იყიდება ფსიქოტროპული წამლებიც. 

ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან ერთად, რომლის მოძრაობაც ციხეებში უკონტროლოა, დაკეტილ ზონაში ნარკოტიკული საშუალებებიც მარტივად შედის. შაბათის ფორმულამ ჩანაწერების მოპოვების გარდა - ინტერვიუ ჩაწერა ციხის მოქმედ თანამშრომელთან, რომელიც სისტემაში 13 წელი მუშაობდა. ინტერვიუში კაცი დეტალურად ჰყვება რა ფორმით ხვდება ციხეში ნარკოტიკული ნივთიერებები. 


close დახურვა