logo
ENG



საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო

22 დეკ 202112:50
3 წუთის საკითხავი
clock 1505
2021/12/22/potg1g06je3826m.jpg

საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო.

საბჭოს წარმომადგენელი გიორგი ღიბრაძე ამბობს, რომ მიზეზი ომიკრონის შტამის გავრცელებაა.

"საქართველოში უკვე დაფიქსირდა ომიკრონის შტამი და კიდევ მიმდინარეობს კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე და პოტენციალი იმისა, რომ ჩვენთანაც ამ ვირუსის გავრცელება მოხდეს, ცხადია, მაღალია. შესაბამისად, კლუბებთან მიმართებაში, ანუ ლიბერალიზაცია ამ მიმართულებით დღეს არ არის, არ მიგვიღია გადაწყვეტილება კლუბების გახსნასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ტენდენცია რომ ვნახოთ მთელ მსოფლიოში, სადაც დაშვებული იყო საქმიანობა, იქაც შეზღუდვები და და გაუქმებები მოქმედებს", - თქვა ღიბრაძემ.

კითხვაზე, "კლუბების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მაინც აპირებენ გახსნას", ღიბრაძე პასუხობს:

"რას ქვია მაინც ამბობენ? საქართველოში არის კანონი, რომლის წინაშეც ყველა ვართ ერთნაირი. კანონი ამბობს, რომ აკრძალულია აღნიშნული ღონისძიებების ჩატარება. მაინც ჩაატარებენ ლოგიკა არ მესმის".

რაც შეეხება ჩატარებულ ღონისძიებებს, ღიბრაძე ამბობს, რომ ამის შესახებ იციან და ტყუილია ინფორმაცია, თითქოს შრომის ინსპექციას არ მოუხდენია რეაგირება. კონკრეტულად რა რეაგირება მოახდინა, ღიბრაძე არ აზუსტებს.

17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ღამის კლუბები მუშაობას 17 დეკემბერს განაახლებდნენ.

რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია. 

პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ საკლუბო სექტორში დაახლოებით 8 000 ადამიანია დასაქმებული და ისინი 21 თვეა შემოსავლის გარეშე დარჩნენ. პეტრიაშვილის თქმით, მიმდინარეობდა კონსულტაციები კლუბების ასოციაციასთან და ყველა პარამეტრებით, 20 დეკემბრამდე უნდა განხორციელებულიყო რეგულაციები, რომლის შედეგად უნდა მოხერხებულიყო კლუბის ისე ამუშავება, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ დაცულად. პეტრიაშვილის თქმით, სრულად გაუგებარია შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება.


close დახურვა