შრომის ინსპექციის ინფორმაციით, ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ღამის კლუბები მუშაობას 17 დეკებერს განაახლებდნენ.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, შრომის ინსპექცია სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად კორონავირუსის პანდემიის ფონზე მუშაობენ უსაფრთხოების პროტოკოლზე, რომელიც საკოორდინაციო საბჭოსთვის წარდგენილი ჯერ არაა.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ღამის კლუბების უსაფრთხოების პროტოკოლის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
აღნიშნული პროტოკოლი, ვიზიტორის „მწვანე“ სტატუსთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს, რაც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვას, ასევე - ბიზნესის მდგრად აღდგენას.
საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება აღნიშნულ ეტაპზე არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის.
ე.წ. ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, რაც სექტორის წარმომადგენლებს უახლოეს პერიოდში ეცნობებათ", - წერია განცხადებაშია.
ცნობისთვის, რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია.
შრომის ინსპექციამ ხიდი 3 დეკემბერს დააჯარიმა, დალუქვის შესახებ ბრძანება გასცა და ხიდს გონივრული ვადა მისცა კლუბის დასატოვებლად. მოგვიანებით ხიდმა გაავრცელა განცხადება, რომ ამ ეტაპზე კლუბს ტოვებდნენ და პასუხისმგებელ პირებს "გონივრულ ვადას" აძლევდნენ, რომ კლუბის მუშაობა დაეშვათ.
ასევე, შრომის ინსპექციამ 4 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომ მოუწოდებენ ღამის კლუბებს არ განახორციელონ აკრძალული საქმიანობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი, ჯარიმისა თუ დალუქვის სახით.
პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ საკლუბო სექტორში დაახლოებით 8 000 ადამიანია დასაქმებული და ისინი 21 თვეა შემოსავლის გარეშე დარჩნენ. პეტრიაშვილის თქმით, მიმდინარეობდა კონსულტაციები კლუბების ასოციაციასთან და ყველა პარამეტრებით, 20 დეკემბრამდე უნდა განხორციელებულიყო რეგულაციები, რომლის შედეგად უნდა მოხერხებულიყო კლუბის ისე ამუშავება, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ დაცულად. პეტრიაშვილის თქმით, სრულად გაუგებარია შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება.
აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში გასართობი ღონისძიებაა ჩანიშნული.