logo
ENG



სუბარი ჩხოროწყუს საკრებულოზე: ოფიციალურად გაფორმდა გახარიას პარტიის და ენმ-ის კოალიცია

23 დეკ 202115:23
3 წუთის საკითხავი
 

ქართულ ოცნებაში ირწმუნებიან, რომ ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრის არჩევა, ნაციონალურ მოძრაობასა და გიორგი გახარიას გუნდს შორის კოალიციის ოფიციალური გაფორმებაა.

პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ქართული ოცნების წევრმა სოზარ სუბარმა თქვა, ეს ძალები თვეების განმავლობაში "საკუთარი ალიანსის ოფიციალურად გაფორმებისთვის ემზადებოდა".

მისივე მტკიცებით, აღნიშნული პარტიები ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშოტებაა .

"დღეს ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით, როდესაც გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ ენმ-ს მხარდაჭერით აირჩიეს, უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტია საქართველოსთვის და ნაციონალურ მოძრაობის კოალიცია. მომხდარი კიდევ ერთხელ ააშკარავებს ტყუილს, თითქოს გახარიას პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობას და კოალიციას გამორიცხავდა. ეს იყო მტკნარი სიცრუე, რაც დღეს უკვე ყველასთვის აშკარა გახდა. რეალურად, მთელი ეს თვეები ეს ორი ძალა საკუთარი ალიანსის ოფიციალურად გაფორმებისთვის ემზადებოდა", - თქვა სუბარმა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრი, შოთა წურწუმია აირჩიეს. 

კენჭისყრაში 15 ოპოზიციონერი დეპუტატი იღებდა მონაწილეობას. პარტია საქართველოსთვის კანდიდატს მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა. 

ჩხოროწყუს საკრებულოში ქართული ოცნება 12 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ნაციონალურ მოძრაობას 7 დეპუტატი ჰყავს, პარტია საქართველოსთვის - 7, ხოლო ლელოს - 1.  


close დახურვა