logo
ENG



ტიკარაძე: ზოგ კლინიკაში სიკვდილის მიზეზი არა COVID 19, არამედ ჰოსპიტალური ინფექციებია

26 დეკ 202113:33
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე: ზოგ კლინიკაში სიკვდილის მიზეზი არა COVID 19, არამედ ჰოსპიტალური ინფექციებია
ფოტო: რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაზის თქმით, გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის დრამატულია. 

შესაბამისად, მისი განცხადებით, "ვაქცინაცია უნდა იყოს შემდეგი თვეების და დღეების მთავარი სლოგანი". 

საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე ტიკარაძემ თქვა: 

"Covid 19-ის კომპონენტში დღეს სახელმწიფოს გააჩნია მრავალფუნქციური, მრავალდონიანი, სისტემური პასუხი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სიდიდის ტალღას ჯანდაცვის სექტორი გაუძლებს, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ ჩვენ მოვადუნოთ ყურადღება მთავარი გამოწვევისგან და ვაქცინაციას არ შევუწყოთ ხელი, ვინაიდან გაუძლებს სექტორი, გაუძლებენ ექიმები და დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ექიმი არ გაიხდის თეთრ ხალათს და არ მიატოვებს პაციენტს, თუმცა ყველაფერი ექიმებსაც არ შეუძლიათ და ლეტალობის არსებული მაჩვენებელი, რეალურად, დრამატულია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის... ეს ყველას გვაწუხებს და ვთვლით, რომ ვაქცინაცია შემდეგი თვეების და დღეების მთავარი სლოგანი, გამოწვევა და დასაძლევი მიზანი უნდა გახდეს". - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ზოგიერთ კლინიკაში ლეტალობის მაჩვენებლი დაბალია, ზოგან კი - პირიქით. ტიკარაძის განცხადებით, ამის მიზეზი არა კორონავირუსი არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება. 

"გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია. ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია. არ ვასაჯაროებთ, მაგრამ კლინიკებთან ვმუშაობთ პირისპირ, რომ გაითვალისწინონ მათთან არსებული ხარვეზები და მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, რადგან ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის მიზეზი". - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსს ბოლო 24 საათში 69 ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გარდაიცვალა 13 512 ადამიანი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში აცრა სინოფარმის, სინოვაკის და ფაიზერის ვაქცინებითაა შესაძლებელი. ფაიზერით ვაქცინაცია დასაშვებია 12 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 195  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 47 ადამიანი. საქართველოში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსს 13 071 ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსზე აცრა იცავს სიკვდილისგან. ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდებით, თუმცა, ადამიანი დაცულია დაავადების გართულებისგან. 

ასევე, მასობრივად აცრის შემთხვევაში გაწყდება ვირუსის გადადების ჯაჭვი. 

აცრა უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

ასაცრელად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge-ზე. 

აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც, რეგისტრაციის გარეშე. 


close დახურვა