logo
ENG



თოლორაია: ყველას ესმის, რომ ეს არაა რეფორმა, ესაა სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის

27 დეკ 202111:25
3 წუთის საკითხავი
 

ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო მმართველ გუნდსა და პარლამენტს აკრიტიკებს. როგორც სახელმწიფო ინსპექტორი ამბობს, კანონპროექტი დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული და სამსახურის "დასჯას" ემსახურება.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე თოლორაიამ თქვა, კანონპროექტის დაინიცირება დაემთხვა წინასაახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. ამასთან, მის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

"რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში, ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას", - განაცხადა თოლორაიამ.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტით ხდება არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ ლიკვიდაცია. მან ამ ცვლილებებს საშიში პრეცედენტი უწოდა. 

"უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევითი თანამდებობა, რომელზეც 2025 წლამდე იყო ლონდა თოლორაია არჩეული და სახელმწიფოს ინსპექტორის ყველა თანამშრომელი 2021 წლის პირველი მარტიდან რჩება სამსახურის გარეშე. ნაცვლად იმისა, რომ სამსახურის კვალიფიციური თანამშრომლები გადანაწილდნენ სახელმწიფო სამსახურის ბაზაზე შექმნილ ორ სხვადასხვა უწყებაში, როგორც ეს მოხდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის დროს 2019-ში და როგორც მოხდა ეს განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაყოფის დროს, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, არამედ სრულიად ყველა თანამშრომლის. ანუ მათთვის მიუღებელია არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი, არამედ მათთვის მიუღებელია ყველა თანამშრომელი.

ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი არამხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირისთვის ეს არის სიგნალი იმისა, რომ ისინი უნდა იყვნენ ძალიან ჭკვიანად. ეს არის ასევე მესიჯი ყველა საჯარო მოხელისთვის, რომ კეთილსინდისიერი მუშაობისთვის შესაძლებელია ისინი ასე ძალიან მარტივად შესაძლოა დარჩნენ სამსახურის გარეშე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ლონდა თოლორაია არასდროს არ ყოფილა და არ იქნება პროგრესული რეფორმის წინააღმდეგი, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ ეს არ არის რეფორმა. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტისა და დამოუკიდებელი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს არის სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის", - განაცხადა თოლორაიამ.

ლონდა თოლორაია ამბობს, რომ მსგავსი მეთოდებით არც ერთი სამსახურის გაუქმება ან გარდაქმნა არ მომხდარა. თოლორაია მიმართავს პარლამენტს შეწყვიტოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის გაუქმების პროცესი. გარდა ამისა, ის მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორსა და სახალხო დამცველს, სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, ჩაერთონ საკითხის განხილვაში.

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

მას ორი უწყება ჩაანაცვლებს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება. 

ლონდა თოლორაიამ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ მედიიდან გაიგო. 

არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი "თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო" უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ.


close დახურვა