logo
ENG



"პროვოკაციებს გამოხმაურებები მოჰყვება" - იასკო სააკაშვილის ციხეში გადაყვანის მცდელობაზე

28 დეკ 202109:14
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან ციხეში გადაყვანის მცდელობას როგორც უკრაინის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გამოხმაურებები მოჰყვება. 

გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში იასკო განვითარებულ მოვლენებს პროვოკაციას უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილს რეაბილიტაციისთვის სხვა ქვეყანაში გადაიყვანენ. 

"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, მას არ შეუძლია ფეხზე დგომა, აქვს სისუსტე და არაერთი ცუდი სიმპტომი. მომხდარის შემდეგ საავადმყოფოში არავის უშვებდნენ, არც მის პირად ექიმებს და არც დედას. მსგავს პროვოკაციებს გამოხმაურებები მოჰყვება, არც გაჩუმდება არც საერთაშორისო თანამეგობრობა და არც უკრაინული მხარე და არც ადამიანის უფლებების დამცველები.

ეს არის არაადამიანური მოპყრობა. მიხეილ სააკაშვილი არ იღებს შესაბამის სამედიცინო დახმარებას. ამას ემატება პროვოკაციები იმისთვის, რომ მისი საბოლოოდ განადგურება მოხდეს. იმედი მაქვს, მივაღწევთ, რომ მიხეილ სააკაშვილს რეაბილიტაციისთვის სხვა ქვეყანაში გადაიყვანენ, რადგან საქართველოში ის უსაფრთხოდ არაა", - ამბობს იასკო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გუშინ მის ციხეში გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ, რა დროსაც ის ცუდად გახდა.

"შემოვიდნენ წასაყვანად, 6-ის ნახევარი იქნებოდა, შავ ფორმაში ჩაცმულები. შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს, სად.

მე მოვითხოვე წნევის და პულსის შემოწმება. წნევა მქონდა 180, მეორე გაზომვაზე 200-110-ზე. ჩემი ნორმალური წნევა არის 120-80. ეს იყო აბსოლუტური ჰიპერტონიული კრიზი. არასდროს მქონია ასეთი წნევა და პულსი.

ამის შემდეგ სცადეს ძალით გაყვანა. მე გავუწიე წინააღმდეგობა. ამის შემდეგ გავითიშე და არ მახსოვს არაფერი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მედგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდი და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ და არ შემოუშვეს.

ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზისი, რომელიც ოდესმე მქონია. თან სულ მიღებდნენ ვიდეოს. მათ შორის სამედიცინო პროცედურების დროს, ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა", - წერს სააკაშვილი facebook-ზე.

გვიან ღამით გორის ჰოსპიტალთან იმყოფებოდნენ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და ადვოკატი ნიკა გვარამია. ისინი მესამე პრეზიდენტთან არ შეუშვეს.

19 ნოემბერს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მისი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. 


close დახურვა