ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის კობა ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან კარგ პოლიტიკურ ფორმაში, თუმცა ჯანმრთელობის თვალსაზრისით ის საკმაოდ სუსტადაა.
როგორც ნაყოფიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, სააკაშვილს სჭირდება კვალიფიციური მედიკოსების ზედამხედველობა და ის ნევროპათოლოგის დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს.
"ფიზიკურად სააკაშვილი არის ძალიან სუსტად. თვალის მოძრაობის პრობლემა აქვს. აშკარად კვალიფიციური ნევროპათოლოგის დაკვირვება არის საჭირო. მას კიდევ უფრო დაკლებული აქვს წონაში. ანუ იმაზე მეტად აქვს დაკლებული, ვიდრე შიმშილობის დროს. ესეც მეტყვლეებს მის ფიზიკურ მდგომარეობაზე. ქართული ოცნება მაქსიმალურად ცდილობს, რომ დააზიანოს მისი ჯანმრთლობა. აუცილებელია რომ ჩაერთოს კვალიფიციური მედპერსონალი. ამასთან მინდა ვთქვა, რომ ის ძალიან საღად აზროვნებს, არის ძალიან კარგ პოლიტიკურ ფორმაში", - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
***
შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბერს, გვიან ღამით, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.
29 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა. გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ საბა ბრაჭველმა თქვა, რომ 27 დეკემბერს სააკაშვილის ახალ დიაგნოზი დაუსვეს. მან დიაგნოზი არ გაახმაურა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატს სურს, რომ მისი კონსილიუმის წევრებმაც შეაფასონ პაციენტის მდგომარეობა და დადონ დასკვნა პაციენტის საჭიროებების შესახებ.
27 დეკემბერს ღამით ცნობილი გახდა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას აპირებდნენ.
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალმა სააკაშვილის კლინიკიდან გაწერის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა აღელვების ფონზე ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის გამოც გადაყვანის ღონისძიება დროებით გადავადდა.
სააკაშვილი ამბობს, რომ მის ციხეში გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.
19 ნოემბერს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მისი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო.
