logo
ENG



ლონდა თოლორაია: ძალიან დიდი იმედი მაქვს პრეზიდენტის ვეტოსი

03 იან 202220:16
3 წუთის საკითხავი
 
ლონდა თოლორაია: ძალიან დიდი იმედი მაქვს პრეზიდენტის ვეტოსი

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია აშშ-ის საელჩოს მკაცრ განცხადებას ეხმაურება. 

ფორმულასთან სატელეფონო საუბარში თოლორაია ამბობს, რომ საელჩო აგრძელებს კრიტიკის იმ ხაზს, რაზეც თავად აკეთებდა აქცენტს - რატომ მოხდა ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და ჩანაცვლება ასე სწრაფად, გამჭვირვალობისა და ღრმა ანალიზის გარეშე, რომ ეს არის ძირის გამოთხრა დემოკრატიისთვის და საზედამხედველო უწყების დასჯა განსხვავებული აზრის გამო. 

თოლორაიას თქმით, მას ახლა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს იმედი აქვს. 

"მე არ ვიცი, ამაზე მძიმე განცხადება რა უნდა გააკეთოს აშშ-ის საელჩომ. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი იმედი მაქვს პრეზიდენტის ვეტოსი და იმისი, რომ საქართველოს პარლამენტს კიდევ მიეცემა ერთი შანსი". - ამბობს ლონდა თოლორაია. 

2021 წლის 30 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა. პარლამენტის დეპუტატებმა შესაბამისი კანონპროექტი დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცეს. 

ქართული ოცნების გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ჩაანაცვლებს. 

დღეს, 2022 წლის 3 იანვარს, აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას და ძირითად თავისუფლებს, ასევე, დააზიანა საქართველოს მისწრაფებები ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. 

2021 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა.  


close დახურვა