logo
ENG



გაძვირებული საწვავი - ყაზახეთში 3 დღეა აქციებს მართავენ და მთავრობის გადადგომას ითხოვენ

04 იან 202221:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/04/3rrfc4ihpxyq4r9.jpg

ყაზახეთში, მანგისტაუს რეგიონში მოსახლეობა 3 დღეა, თხევადი ბუნებრივი აირის ფასის ზრდას აპროტესტებს, რომელსაც ძირითადად საწვავად იყენებენ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან (43 თეთრი) 120-მდე (85 თეთრი) გაზარდა. ფასის გაზრდამ მოსახლეობაში პროტესტის ტალღა გამოიწვია და მოქალაქეებმა სხვადასხვა რეგიონებში მასშტაბური აქციები დაიწყეს. მათ ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე კარვებიც გაშალეს და ღამეს იქ ათევენ.

მოგვიანებით აქციებზე პოლიციასთან შეტაკებებიც დაიწყო. ადგილობრივი მედია დაკავებებზეც საუბრობს. ერთ-ერთი მედიის ცნობით, დააპატიმრეს 70 ადამიანი. 

BBC-ის რუსული ბიურო წერს, რომ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 50 ტენგე (36 თეთრი) იქნება.

მასშტაბური გამოსვლები ამ დროისთვის ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ისევ გრძელდება. მათ მოთხოვნებს მთავრობის გადადგომა და ვადამდელი არჩევნები დაემატა. მოქალაქეები სკანდირებენ "მოხუცო, წადი" და აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის "ხალხი" ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს. აქციის მონაწილეების თქმით, ნაზარბაევი ქვეყანას არაფორმალურად მართავს და მისი გავლენა ქვეყანაში ამ დრომდე იგრძნობა. 

ტვ დოჟდის ინფორმაციით, ხელისუფლება ასევე ინტერნეტს ახშობს. გადაკეტილია მთავარი მაგისტრალი და სხვა მნიშვნელოვანი გზებიც. 

 


close დახურვა