logo
ENG



აშშ მკაცრი სანქციების დაწესებას განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

09 იან 202219:39
3 წუთის საკითხავი
 
აშშ მკაცრი სანქციების დაწესებას განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი, უფრო მკაცრი გაფრთხილებები რუსეთის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. 

თეთრი სახლის ორგანიზებით მედიასთან სატელეფონო კომენტარები გაკეთდა, რესპონდენტების ანონიმურობის დაცვის გარანტიით. 

ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო პირებმა გაზარდეს ევროპაში ქვეყნის სტრატეგიული პოზიციონირების ცვლილების შესაძლებლობა. მათი განცხადებით, ადმინისტრაცია ღია იქნება რუსეთთან დისკუსიებისთვის უკრაინაში შეტევითი რაკეტების განლაგების შემცირებისა და აღმოსავლეთ ევროპაში NATO-სა და აშშ-ის სამხედრო წვრთნებზე ლიმიტის დაწესების შესახებ. 

თუმცა, როგორც მედია წერს, რუსეთს მაინც ემუქრება მკაცრი ეკონომიკური სანქციები უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში. სანქციები შესაძლოა მოიცავდეს აშშ-დან რუსეთში პროდუქტების ექსპორტის მნიშვნელოვან შეზღუდვებს. ენერგეტიკის და სამომხმარებლო საქონლის გარდა, აშშ და მისი მოკავშირეები განიხილავენ ისეთი ელექტრონული კომპონენტების, პროგრამული უზრუნველყოფის და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების აკრძალვას, რასაც ამერიკული მოწყობილობები სჭირდება.

შეიძლება რუსეთში აშშ-დან არ შევიდეს როგორც სმარტფონები, პლანშეტები, ტელევიზორები და სათამაშო კონსოლები, ასევე თვითმფრინავის ავიონიკა და ჩარხ-ინსტრუმენტები

სანქციები შესაძლოა შეეხოს სამოქალაქო ავიაციას და ხელოვნურ ინტელექტს. 

ამით რუსეთი შეუერთდება ისეთ მკაცრად სანქცირებულ ქვეყნებს, როგორიც არის კუბა, ჩრდილოეთ კორეა და სირია. 

აშშ-ის და რუსეთის უმაღლესი რანგის პირები ორშაბათს, 10 იანვარს, შვეიცარიაში შეხვდებიან და უკრაინასთან შექმნილ დაძაბულ ვითარებას განიხილავენ. 

აშშ-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა მზად არის, განიხილოს ევროპული უსაფრთხოების პოზიციის ცვლილება გარკვეულ, შეზღუდულ ასპექტებში. თუმცა, ნებისმიერი შეთანხმება დამოკიდებული იქნება რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ საფრთხის მოხსნაზე. მათივე განცხადებით, არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული უკრაინის ან NATO-ს თანხმობის გარეშე. 

ასევე, მათი განცხადებით, გამორიცხულია, შეერთებულმა შტატებმა შეამციროს სამხედრო ყოფნა ან არსენალი აღმოსავლეთ ევროპაში, როგორც ამას რუსეთი ითხოვს. 

"რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით, დაუყოვნებლივ დავაკისრებთ სერიოზულ და უზარმაზარ სანქციებს რუსეთის ეკონომიკას - მის ფინანსურ სისტემას და იმ სექტორებს, რომლებიც კრემლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია". - თქვა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა. 

მისივე თქმით, აშშ მკაცრად უარყოფს რუსეთის მოთხოვნებს ნატოს გაფართოების შემცირებასა და ჯარების და იარაღის აღმოსავლეთ ევროპიდან გაყვანის შესახებ. 

შვეიცარიაში ორშაბათის შეხვედრები შემდგომ დღეებში რუსეთისა და NATO-ს წევრი ქვეყნების მონაწილეობით დისკუსიებით გაგრძელდება. 

*** 

ამერიკის დაზვერვის სამსახურების ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, 2022 წლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმას სხვადასხვა ფრონტიდან გეგმავდეს.

უკვე 2 თვეა, უკრაინის საზღვართან 175 000 რუსი სამხედროა მობილიზებული.

2021 წლის 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლითაც NATO-ს და აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიებს სთხოვს და კონკრეტულ პირობებსაც აყენებს. 

რუსეთი ითხოვს, NATO-მ უკან წაიღოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები. 

რუსეთმა NATO-ს შემდგომი გაფართოების და უკრაინასთან ალიანსის გამორიცხვა მოითხოვა. 

ასევე, რუსეთი მოითხოვს, NATO-ს ჯარები 1997 წლის მაისის განლაგებას დაუბრუნდნენ, ანუ იმ პოზიციებზე დაბრუნდნენ, სანამ ალიანსში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მიიღებდნენ. 

რუსეთმა აშშ-საც მიმართა, არ შექმნას სამხედრო ბაზები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არ გამოიყენოს მათი სამხედრო ინფრასტრუქტურა და არ განავითაროს მათთან სამხედრო თანამშრომლობა. 


close დახურვა