10 იანვრიდან შვეიცარიაში რუსეთის, აშშ-ის და NATO-ს წევრი ქვეყნების უმაღლესი რანგის პირების შეხვედრები დაიწყება და მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატით გაგრძელდება.
შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის საზღვართან არსებული დაძაბულობაა - უკვე 2 თვეა, აქ 175 000 რუსი სამხედროა მობილიზებული. რუსეთი უკრაინაში შეჭრით იმუქრება. თავის მხრივ, აშშ აცხადებს, რომ რუსეთს უმკაცრეს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს იმ შემთხვევაში, თუ ამ ნაბიჯს გადადგამს.
მოლაპარაკებებზე ორივე მხარე ეცდება, თავისი ინტერესები დაიცვას.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გაკეთებული განცხადებების თანახმად, ორივე მხარეს ერთმანეთისგან განსხვავებული პრიორიტეტები აქვს - აშშ აცხადებს, რომ რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს, რუსეთი კი დასავლეთისგან თავისი მოთხოვნების შესრულებას ითხოვს.
რუსეთის პოზიცია
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ასობით ათასი სამხედრო განალაგა, გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლითაც NATO-ს და აშშ-ს "უსაფრთხოების გარანტიები მოსთხოვა და კონკრეტულ პირობებიც წაუყენა".
კერძოდ:
- რუსეთი ითხოვს, NATO-მ უკან წაიღოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.
- ასევე, მოთხოვა რუსეთმა NATO-ს შემდგომი გაფართოების და უკრაინასთან ალიანსის გამორიცხვა.
- რუსეთი მოითხოვს, NATO-ს ჯარები 1997 წლის მაისის განლაგებას დაუბრუნდნენ, ანუ იმ პოზიციებზე დაბრუნდნენ, სანამ ალიანსში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მიიღებდნენ.
- რუსეთმა აშშ-საც მიმართა, არ შექმნას სამხედრო ბაზები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არ გამოიყენოს მათი სამხედრო ინფრასტრუქტურა და არ განავითაროს მათთან სამხედრო თანამშრომლობა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა რუსულ პროსამთავრობო გამოცემასთან, ТАСС-თან თქვა, რომ შეხვედრებზე მათი პრიორიტეტი სწორედ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება იქნება.
"პირველ რიგში, შეხვედრებზე მსურს მოვისმინო რამე უფრო გასაგები NATO-ს არგაფართოების, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმების, შეერთებული შტატებისა და ნატოს ქვეყნების მიერ უარი თქმა გეოპოლიტიკურ დაუფლებაზე მთელი სივრცისა, რომელსაც ისინი აკონტროლებენ დასავლეთით, ჩრდილო-დასავლეთით, სამხრეთ-დასავლეთით. ჩვენთვის მთავარი ეს არის და არავითარ შემთხვევაში ის ასპექტები, რაზეც დღეს ამერიკული მხარე ამახვილებს ყურადღებას". - თქვა რიაბკოვმა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტასს-ს უთხრა, რუსეთის მხრიდან აშშ-სა და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებების დადებითი შედეგი იქნება რუსეთის წინადადებებზე მუშაობის მზაობის დადასტურება.
"დასავლეთმა ცალმხრივად უნდა შეწყვიტოს NATO-ს გაფართოება და გაანადგუროს არსებული სამხედრო ინფრასტრუქტურა. ჩვენ სხვა პრიორიტეტები გვაქვს". - განაცხადა მან.
რიაბკოვისვე განცხადებით, ამ მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე "გულუბრყვილოა რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებსა და ნატოს შორის მოლაპარაკებებში უსაფრთხოების გარანტიებზე პროგრესის იმედი".
მისივე თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირების დღევანდელი განცხადებები ოპტიმიზმის მცირე საფუძველს უტოვებს.
აშშ-ის პოზიცია
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის, მოისმინოს მოსკოვის წუხილები, რთული იქნება რამე სახის პროგრესის მიღწევა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს.
"ძალიან ძნელია რეალური პროგრესის დანახვა ესკალაციის ატმოსფეროში, უკრაინის თავზე დამიზნებული იარაღის პირობებში. ასე რომ, თუ მართლა ვაპირებთ წინსვლას, უნდა დავინახოთ დეესკალაცია და რუსეთის უკან დახევა". - თქვა მან CNN-ის ეთერში.
აშშ-ის მთავარმა დიპლომატმა ასევე უარყო მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, მოლაპარაკებებმა შეიძლება გააჩინოს რისკი, რომ რუსეთმა შექმნას პრეცედენტი, როცა მეზობელი ქვეყნების საზღვრებთან სამხედრო ძალების გაძლიერებით ვლადიმირ პუტინს შეეძლება ბერკეტების ხელში აღება - ანუ რუსეთს მიეცემა საშუალება, საზღვრებთან სამხედრო ძალების მობილიზებით დააყენოს ულტიმატუმები და დასავლეთს მისი მოთხოვნების შესრულება აიძულოს.
"ეს ზუსტად საპირისპიროა. პირველ რიგში - რატომ ვართ ჩვენ აქ? - იმის გამო, რომ გასულ ათწლეულზე მეტის განმავლობაში რუსეთმა აგრესიული ქმედებები ჩაიდინა თავისი მეზობლების - საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის მიმართ, ახლა კი უკრაინის მიმართ მუქარა განაახლა.
მეორე: არსებობს პრინციპები, რომელიც ეხება საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების ფუნდამენტებს. რუსეთის აგრესიას არ მივიღებთ და არც შევეგუებით.
მოლაპარაკებები ასევე არ გულისხმობს დათმობაზე წასვლას. ეს არის იმისთვის, რომ დავინახოთ, დიალოგისა და დიპლომატიის კონტექსტში, არის თუ არა ისეთი რამ, რისი გაკეთებაც ორივე მხარეს, ყველა მხარეს შეუძლია დაძაბულობის შესამცირებლად". - თქვა ენტონი ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ მზად იყო, რუსეთთან განეხილა გარკვეული ზომების გადახედვა, მაგალითად, შეიარაღების კონტროლი და სამხედრო წვრთნების მასშტაბები, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი რამ ორმხრივი უნდა იყოს.
ენტონი ბლინკენისვე თქმით, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანის განხილვა და NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა გამორიცხულია.
გარდა ამისა, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი, უფრო მკაცრი სანქციების პაკეტი რუსეთის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.
თეთრი სახლის ორგანიზებით მედიასთან სატელეფონო კომენტარები გაკეთდა, რესპონდენტების ანონიმურობის დაცვის გარანტიით.
ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო პირებმა გაზარდეს ევროპაში ქვეყნის სტრატეგიული პოზიციონირების ცვლილების შესაძლებლობა. მათი განცხადებით, ადმინისტრაცია ღია იქნება რუსეთთან დისკუსიებისთვის უკრაინაში შეტევითი რაკეტების განლაგების შემცირებისა და აღმოსავლეთ ევროპაში NATO-სა და აშშ-ის სამხედრო წვრთნებზე ლიმიტის დაწესების შესახებ.
თუმცა, როგორც მედია წერს, რუსეთს მაინც ემუქრება მკაცრი ეკონომიკური სანქციები უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში. სანქციები შესაძლოა მოიცავდეს აშშ-დან რუსეთში პროდუქტების ექსპორტის მნიშვნელოვან შეზღუდვებს. ენერგეტიკის და სამომხმარებლო საქონლის გარდა, აშშ და მისი მოკავშირეები განიხილავენ ისეთი ელექტრონული კომპონენტების, პროგრამული უზრუნველყოფის და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების აკრძალვას, რასაც ამერიკული მოწყობილობები სჭირდება.
შეიძლება რუსეთში აშშ-დან არ შევიდეს როგორც სმარტფონები, პლანშეტები, ტელევიზორები და სათამაშო კონსოლები, ასევე თვითმფრინავის ავიონიკა და ჩარხ-ინსტრუმენტები.
სანქციები შესაძლოა შეეხოს სამოქალაქო ავიაციას და ხელოვნურ ინტელექტს.
ამით რუსეთი შეუერთდება ისეთ მკაცრად სანქცირებულ ქვეყნებს, როგორიც არის კუბა, ჩრდილოეთ კორეა და სირია.
აშშ-ის და რუსეთის უმაღლესი რანგის პირები ორშაბათს, 10 იანვარს, შვეიცარიაში შეხვდებიან და უკრაინასთან შექმნილ დაძაბულ ვითარებას განიხილავენ.
აშშ-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა მზად არის, განიხილოს ევროპული უსაფრთხოების პოზიციის ცვლილება გარკვეულ, შეზღუდულ ასპექტებში. თუმცა, ნებისმიერი შეთანხმება დამოკიდებული იქნება რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ საფრთხის მოხსნაზე. მათივე განცხადებით, არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული უკრაინის ან NATO-ს თანხმობის გარეშე.
ასევე, მათი განცხადებით, გამორიცხულია, შეერთებულმა შტატებმა შეამციროს სამხედრო ყოფნა ან არსენალი აღმოსავლეთ ევროპაში, როგორც ამას რუსეთი ითხოვს.
"რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით, დაუყოვნებლივ დავაკისრებთ სერიოზულ და უზარმაზარ სანქციებს რუსეთის ეკონომიკას - მის ფინანსურ სისტემას და იმ სექტორებს, რომლებიც კრემლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია". - თქვა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
მისივე თქმით, აშშ მკაცრად უარყოფს რუსეთის მოთხოვნებს ნატოს გაფართოების შემცირებასა და ჯარების და იარაღის აღმოსავლეთ ევროპიდან გაყვანის შესახებ.
შვეიცარიაში ორშაბათს დაწყებული შეხვედრები შემდგომ დღეებში რუსეთისა და NATO-ს წევრი ქვეყნების მონაწილეობით დისკუსიებით გაგრძელდება.