logo
ENG



თურნავა ინფლაციაზე: საქართველო ინტეგრირებულია მსოფლიო ეკონომიკაში, ვერ იქნება გამონაკლისი

10 იან 202213:34
3 წუთის საკითხავი
clock 1035
თურნავა ინფლაციაზე: საქართველო ინტეგრირებულია მსოფლიო ეკონომიკაში, ვერ იქნება გამონაკლისი

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში მაღალი ინფლაცია კორონავირუსის პანდემიით და მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენებით არის განპირობებული. 

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თურნავამ თქვა, რომ საქართველოში ინფლაციის დონე სტანდარტულად, წელიწადში 3%-4% იყო. 

"ფასების ზრდა მოხდა მყისიერად სწორედ კორონავირუსის პანდემიის კვალობაზე. ეს მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად მსოფლიოში. 

აშშ-ში ბოლო 40 წლის განმავლობაში მაქსიმუმზეა ინფლაცია ასული, ასევე, თუნდაც, მაღალგანვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში, გერმანიაში, თურქეთში. თურქეთში ეს ხდება ლირის დევალვაციის ფონზე, როცა ჩვენთან, ჩვენი ეროვნული ვალუტა ლარი არის საკმაოდ მყარი და სტაბილური. 

მთელ მსოფლიოში გაძვირდა სურსათი. FAO-ს მონაცემებით 27%-ით და მეტით არის გაძვირებული სასურსათო პროდუქცია, ნავთობი არის გაძვირებული. ბუნებრივი აირი გაძვირებულია მთლიანად მსოფლიოში. 

საქართველო, რომელიც ინტეგრირებულია რეგიონსა და მსოფლიოში, მსოფლიო ეკონომიკაში, რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა გამონაკლისი. 

მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პანდემიის მომყოლი და ერთჯერადი პრობლემა. 

ეროვნულიი ბანკის პროგნოზით, გაზაფხულიდან ველოდებით, რომ ინფლაციის დონე დაიწევს და წლის ბოლოდან სრულიად შესაძლებელია, რომ ისევ პანდემიამდელ ნიშნულზე დავიდეს". - თქვა ეკონომიკის მინისტრმა. 

თურნავას განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს ფასების დასტაბილურებაზე

"მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ იმას, რომ საექსპორტო პროდუქცია გაიზარდოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტირებულ საქონელზე, ასევე გაიზარდოს ადგილობრივი წარმოება სხვადასხვა მიმართულებით, შემცირდეს იმპორტზე დამოკიდებულება და ეს თავის ასახვას, რა თქმა უნდა, პოვებს ფასების უფრო სტაბილურ დონეში. ასევე, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეროვნული ბანკიც ახორციელებს თავისი მანდატის ფარგლებში მნიშვნელოვან ნაბიჯებს იმისთვის, რომ უკვე მოკლე ვადაში მოთოკოს ინფლაცია, გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა და ჩენ მთლიანად ეკონომიკური გუნდი ძალიან აქტიურ ყოველდღიურ რეჟიმში ვმსჯელობთ თუ როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას". - თქვა მან. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2021 წელს წლიურმა ინფლაციამ 13.9% შეადგინა, რაც  რეკორდული მონაცემია.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ინფლაცია 2.2-დან 12.8% მდე მერყეობდა, 13,9% კი ყველაზე მაღალი მონაცემია.


close დახურვა