ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, ნიკა მელია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგება, თუმცა დარჩება პარტიის ხელმძღვანელის პოსტზე. ასევე, ფორმულას ცნობითვე, მელია შეითავსებს თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს. ამ თანამდებობაზე იგი ზაალ უდუმაშვილს ჩაანაცვლებს.
მსჯელობა მიმდინარეობს იმაზეც, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნოს კობა ნაყოფია. ასევე, აღმასრულებელი მდივნის პოსტზე განიხილება პეტრე ცისკარიშვილი.
"ვიდრე პოლიტსაბჭო არ დასრულდება, ვერანაირ საკადრო გადაადგილებას ვერ დავადასტურებ. საუბარი იქნბება შიდა პარტიულ გაძლიერებაზე, რა გადაწყვეტილებები იქნება, საბჭოს დასრულების შემდეგ ვისაუბრებ", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.
ენმ-ს წევრმა ანი წითლიძემ განაცხადა, რომ პარტიაში დაგეგმილ პოლიტსაბჭოს სხდომაზე შიდა სტრუქტურული ცვლილებებია დაგეგმილი, რაც მისივე თქმით, შეიძლება, შეეხოს ნებისმიერი თანამდებობის პირს. ამაზე მან ფორმულანიუსის ეთერში ისაუბრა.
"ნებისმიერი შიდა სტრუქტურული გადაადგილება პარტიაში, რასაც ვადასტურებ მეც, რომ დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იქნება, მიმართულია მხოლოდ პარტიის გაძლიერებისკენ", - განაცხადა ანი წითლიძემ.
ნაციონალური მოძრაობის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა 15:00 საათზე დაიწყო.