logo
ENG



დეკანოიძე: ძალიან დიდი შეცდომა იყო, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორზე იმ დარბაზში არ ვიყავით

12 იან 202200:17
3 წუთის საკითხავი
clock 1015
დეკანოიძე: ძალიან დიდი შეცდომა იყო, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორზე იმ დარბაზში არ ვიყავით
ვახო ქარელი / ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ "შეცდომა" იყო, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებაზე კანონპროექტის განხილვას, ან იუსტიციის მინისტრის მოსმენას პარლამენტში არ ესწრებოდნენ. პალიტრანიუსის ეთერში საუბრისას დეკანოძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში მუშაობა გასაახლებელია და, როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, ამ საკითხის დაყენებას გეგმავს. 

"მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო, როდესაც ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორზე იმ [პარლამენტის] დარბაზში არ ვიყავით. ასევე, ვფიქრობ, რომ რატი ბრეგაძე როდესაც იყო, იქ ჩვენ არ ვიყავით. პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება მისი ეს ბოლოდროინდელი ე.წ. მოღვაწეობა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ბერკეტი აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა", - თქვა მან. 

30 დეკემბერს, პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა. დეპუტატებმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცეს. 

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

კანონპროექტის მიღების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ლონდა თოლორაიამ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი ამ კანონს ვეტოს დაადებს. 

"ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა. მინდა, მადლობა გადავუხადო მას გამოხატული მხარდაჭერისთვის. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონს. ეს სამართლებრივი ბრძოლა არ დასრულებულა", - თქვა მან. 

მანამდე, 27 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა.  


close დახურვა