logo
ENG



UN Georgia: შეშფოთებულები ვართ ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად გაუქმებით

14 იან 202214:52
3 წუთის საკითხავი
clock 781

გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში გამოხატავს სინანულს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, გააუქმოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. 

2022 წლის 12 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ორ ნაწილად გაყოფას: სპეციალურ საგამოძიებო სამსახურად და პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურად. 

გაეროს წარმომადგენლობა აცხადებს: 

"ჩვენ განსაკუთრებულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში იმ ერთ-ერთი ყველაზე სანდო, დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ინსტიტუტის დაჩქარებული წესით და ინკლუზიური და გამჭვირვალე დისკუსიების გარეშე გაუქმებით, რომელიც უფლებამოსილია გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევები და ევალება პერსონალური მონაცემების დაცვის ზედამხედველობა.

სამსახურის გაუქმებასა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ექვსწლიანი მანდატის ჩამორთმევაზე დამაჯერებელი დასაბუთების არარსებობა შემზარავი მესიჯია ადამიანის უფლებათა დაცვის დამოუკიდებელ ინსტიტუტებისთვის". - ნათქვამია განცხადებაში. 

გაეროს წარმომადგენლობა ასევე შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ ახლადშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატის გაფართოვდა, ვინაიდან ამან შესაძლოა უწყების გადატვირთვა გამოიწვიოს და დანაშაულებზე რეაგირების ხარისხი დაწიოს. 

"ჩვენ შეგახსენებთ გაეროს სპეციალური მომხსენებლის 2015 წლის რეკომენდაციას წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის შესახებ, რომელშიც შეშფოთება გამოთქმულია რისკზე, რომ ზედმეტად ფართო იურისდიქციამ, იქნება ეს ექსკლუზიური თუ დისკრეციული, შეიძლება ამოცანა ძალიან გაართულოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილ იმ დანაშაულებზე, რომლებიც არ შედიან წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის ძირითად ჯგუფში". - წერია განცხადებაში. 

გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო ინსტიტუტებისგან გამოითხოვოს მოსაზრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ. 

13 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ხელი მოაწერა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისთვის".

30 დეკემბერს, პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა. დეპუტატებმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცეს. 

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა: რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.

მანამდე, 27 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა.  


close დახურვა