logo
ENG



წილოსანი ხინჩეგაშვილის შვებულებაზე: მედიის მიერ ამ ფაქტის შეფუთვა ბულინგს ემსგავსება

14 იან 202215:24
3 წუთის საკითხავი
clock 4590
წილოსანი ხინჩეგაშვილის შვებულებაზე: მედიის მიერ ამ ფაქტის შეფუთვა ბულინგს ემსგავსება

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი მედიას აკრიტიკებს იმის გამო, რომ გორის მერის შვებულებაში გასვლა გააშუქა. წილოსანი ამას "ბულინგს" უწოდებს და აცხადებს, რომ მიუღებელია ლადო ხინჩეგაშვილის შესახებ გავრცლებული ინფორმაციის ფორმა, შინაარსი და მოტივი. 

"აი ეს არის მარაზმი. სრულიად მიუღებელია ლადო ხინჩეგაშვილის მიმართ მედიის დამოკიდებულება, მის შესახებ გავრცლებული ინფორმაციის ფორმა, შინაარსი და მოტივი!!! არჩეულ თანამდებობის პირს, როგორც ნებისმიერ დასაქმებულს, ყველანაირი უფლება აქვს გამოიყენოს შვებულება და ეს არ შეიძლება მსგავსი განსჯისა და კრიტიკის საგანი გახდეს მედიასაშუალებების მიერ ამ ფაქტის მსგავსი ფორმით გავრცელება და მისი შეფუთვა თითქოს იყოს დამაკნინებელი, შემარცხვენელი ქმედება, ემსგავსება ბულინგს.

რაც მთავარია, ლადო ხინჩეგაშვილის მიმართ მედია ასე პირველად არ იქცევა სამწუხაროა, რომ ასეთი ყვითელი ჰედლაინებით ცდილობენ  მისი რეპუტაციის შელახვას და მის მიმართ ხალხის ნდობის დაკარგვას, თუმცა, მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ადამიანი არის ხალხის არჩეული მერი და არა ვინმეს დანიშნული.

მას მხარდაჭერა გამოუცხადა ამომრჩევლის უმრავლესობამ. ამიტომ, ამ ყველაფრით თქვენ რეალურად შეურაცხყოფას აყენებთ მის ამომრჩეველს", - წერს წილოსანი თავის ფეისბუქგვერდზე. 

გორის მერი ლადო ხინჩეგაშვილი შვებულებაში გავიდა. ამ დროისთვის მერის მოვალეობებს, პირველი მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი ასრულებს. 

ლადო ხინჩეგაშვილი შვებულებაში 11 იანვრიდანაა. მან მერის თანამდებობაზე მუშაობა გასული წლის 29 ოქტომბერს დაიწყო. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 1-ლი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები იყო გამოცხადებული.


close დახურვა