logo
ENG

კიბერშეტევის შედეგად დღეს უკრაინის 12-ზე მეტი სახელისუფლებო საიტი გაითიშა

14 იან 202217:53
3 წუთის საკითხავი
clock 131

კიბერშეტევის შედეგად დღეს, 14 იანვარს უკრაინის 12-ზე მეტი სახელისუფლებო საიტი, მათ შორის საგარეო საქმეთა და განათლების სამინისტროების ვებ-გვერდები, გაითიშა. თავდასხმა მოხდა გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ისა და შვედეთის საელჩოების საიტებზეც.

ვებ-გვერდების გათიშვამდე ეკრანზე გამოჩნდა მესიჯი, რომელიც უკრაინელებს აფრთხილებდა, მომზადებულიყვნენ ყველაზე უარესისთვის. თავდასხმის დაწყებისას, სამიზნე ვებ-გვერდებზე უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე გამოჩნდა შემდეგი მესიჯი:

„უკრაინელო! მთელი შენი პირადი ინფორმაცია ინტერნეტში საჯაროდ აიტვირთა. ეს შენი წარსული, აწმყო და მომავალია“

კიევში უკრაინის თავდაცვის სამსახურის ინფორმაციით, პირველადი შეფასებებით პირადი ინფორმაციის გაჟონვა არ მომხდარა და არც რაიმე მასალა შეცვლილა.

ერთ-ერთი სამიზნე საიტი იყო Diia - სახელისუფლებო სერვისების მნიშვნელოვანი სისტემა, სადაც განთავსებულია ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია და აცრის სერტიფიკატები.

ჯერჯერობით უცნობია დგას თუ არა ამ თავდასხმის უკან რუსეთი, თუმცა წარსულში არაერთი მსგავსი შემთხვევის კვალი სწორედ კრემლამდე მიდიოდა. უკრაინის თავდაცვის სამსახურების განცხადებით, მხოლოდ გასული 9 თვის განმავლობაში უკრაინამ 1 200 კიბერშეტევა და ინციდენტი გაანეიტრალა.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი - ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ყველა რესურსია მობილიზებული იმისთვის, რომ უკრაინა ამ ტიპის კიბერშეტევას გაუმკლავდეს.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მრავალმა სხვა ვებ-გვერდმა ფუნქციონირება მიზანმიმართულად შეწყვიტა, რათა თავდასხმის გავრცელება შეეზღუდათ. თავდაცვის სამსახურის განცხადებით, ამ საიტების დიდი ნაწილის მუშაობა ამ დროისთვის აღდგენილია.

BBC-ს კიბერანალიტიკოსი წერს, რომ მაშინ, როცა სამყარო უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო მობილიზებას უყურებდა, ციფრულ სამყაროში რაიმე ტიპის შეტევას ელოდნენ.

რუსეთის მხრიდან ფიზიკურის გარდა კიბერშეტევები თანამედროვე კონფლიქტებში არაერთხელ გვინახავს. 2008 წელს საქართველოში შემოჭრისას სახელისუფლებო ვებ-გვერდები  სწორედ რუსული თავდასხმების გამო გაითიშა. 2014 წელს კი ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთს კიბერშეტევებში სდებდნენ ბრალს.


close დახურვა