განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 17 იანვარს სასწავლო პროცესის სკოლის შენობებში განსაახლებლად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია. მათი ცნობით, ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73%.
უწყების ინფორმაციით, სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.
"მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უსაფრთხოებისთვის და ნებისმიერი სხვა რისკის თავიდან ასაცილებლად სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია. კოვიდვირუსის გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება.
დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას", - ნათქვამია განცხადებაში.
მათი თქმით, ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს მხრიდან ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვილია საჯარო სკოლები წლის ბოლომდე სამყოფი მარაგით.
"კერძოდ, სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ტრანსპორტით კვლავ უზრუნველყოფილი იქნებიან მოსწავლეები თბილისსა და რეგიონებში", - ამბობენ უწყებაში.
მათივე განცხადებით, მოსწავლეებისთვის კვლავ იფუნქციონირებს ტელესკოლა.