logo
ENG



"ბოლშევიკური წმენდის გასაპროტესტებლად" - კულტურის სამინისტროსთან აქცია გაიმართება

17 იან 202210:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/17/klt9q2icr184fjq.jpg

21 იანვარს, 14:00 საათზე კულტურის სამინისტროსთან აქცია გაიმართება. 

"გიწვევთ აქციაზე, რომლის მთავარი სლოგანიებია „დიდება პარტიას, კულტურის მტერების გამოვლენისთვის! “ და „კულьტ УРА საიმედო ხელშია!". 

აქცია სპეციალურად სამუშაო საათებშია დანიშნული, რათა სამინისტროს პარტიულმა მუშაკებმა ნათლად გაიგონონ მშრომელი მასების მადლიერი ხმა". - ნათქვამია აქციის აღწერაში. 

"არა თავისუფალი ადამიანების რეპრესიებს! არა კრიტიკული აზრის დევნას! არა პროფესიონალების გარიყვას! არა პარტიულ აზროვნებას! არა ნეპოტიზმს! არა შერჩევით დაფინანსებას ! არა არაკომპეტენტურობას! არა ხელოვნების პროფანაციას! არა ადამიანების ღირსების შელახვას! არა კულტურულ რეგრესს!" - წერს ფეისბუქზე ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია. 

მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გახდა, შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სააგენტოდან ათობით ადამიანი გაათავისუფლეს. გათავისუფლებას ისინი პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ. 

ხელოვნების მუზეუმში ახალი ხელმძღვანელი მას შემდეგ დაინიშნა, რაც კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით, ყოფილი ხელმძღვანელი ეკა კიკნაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და "ლაბორანტად" დანიშნეს. კიკნაძე ეროვნული მუზეუმის დანგრევის შესახებ მომზადებულ დასკვნას აპროტესტებდა. წულუკიანის ბრძანებით, მისი თანამდებობა ნიკა ახალბედაშვილმა დაიკავა. 

ახალბედაშვილმა დანიშვნის შემდეგ მუზეუმიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა, რამდენიმემ კი სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვა.

ხელოვნების მუზეუმის შენობა ისტორიულია, ის 1838 წელს ააგეს და ევროპული არქიტექტურის ნიმუშია, ამასთან, მუზეუმების ქუჩის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. 

22 ივლისს გასაჯაროვდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, "შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის ნაწილის აღდგენა არარენტაბელურია, მეორე ნაწილის რღვევის შეჩერება კი შეუძლებელია და, შესაბამისად, უმჯობესია მუზეუმის ეს ნაწილი დაინგრეს და იმავე მასალებით ახალი აშენდეს". 

ხელოვნებათმცოდნეები შენობის დანგრევას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. მათივე შეფასებით, საფრთხე ექმნება მუზეუმში დაცულ ასობით ექსპონატს.  მათთვის მიუღებელია მუზეუმთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმაც.

რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს - თეა წულუკიანმა 36 ადამიანი რეორგანიზაციის მოტივით გაათავისუფლა. გათავისუფლებულებმა ამის შესახებ ელექტრონულ ფოსტაზე მოსული შეტყობინებით გაიგეს. ისინი სასამართლოში ჩივილს აპირებენ. 


close დახურვა