შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს თანამშრომლები პროტესტის ნიშნად ტოვებენ.
გვანცა ბერძენიშვილი, გიორგი თოფურია და თემურ ქანთარია მუზეუმის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკას უპირისპირდებიან და იქ არსებულ პოლიტიკაზე ღიად საუბრობენ.
ისინი ამბობენ, რომ ხელმძღვანელობამ სიტუაცია ჩიხში შეიყვანა, რაც თანამშრომლების სამსახურიდან უარგუმენტოდ გათავისუფლებასა და არაკოლეგიალურ დამოკიდებულებაში გამოიხატება.
"ჩვენი წამოსვლის მიზეზი, პირველ რიგში, იყო მიუღებლობა იმ საკადრო პოლიტიკის, რომელსაც ატარებდა ახალი მმართველობა გარკვეულ ჯგუფებთან მიმართებაში. ერთ-ერთი ასეთი იყო, როდესაც უშუალოდ ჩვენი კოლეგა, ასევე კურატორის თანაშემწე, რომელიც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს სამსახურიდან", - ამბობს მუზეუმის ყოფილი თანაშემწე გიორგი თოფურია.
ხელოვნების მუზეზუმში ახალი ხელმძღვანელი მას შემდეგ დაინიშნა, რაც კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით, ყოფილი ხელმძღვანელი ეკა კიკნაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და "ლაბორანტად" დანიშეს. კიკნაძე ეროვნული მუზეუმის დანგრევის შესახებ მომზადებულ დასკვნას აპროტესტებდა. წულუკიანის ბრძანებით, მისი თანამდებობა ნიკა ახალბედაშვილმა დაიკავა.
ხელოვნების მუზეუმის შენობა ისტორიულია, ის 1838 წელს ააგეს და ევროპული არქიტექტურის ნიმუშია, ამასთან, მუზეუმების ქუჩის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
22 ივლისს გასაჯაროვდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, "შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის ნაწილის აღდგენა არარენტაბელურია, მეორე ნაწილის რღვევის შეჩერება კი შეუძლებელია და, შესაბამისად, უმჯობესია მუზეუმის ეს ნაწილი დაინგრეს და იმავე მასალებით ახალი აშენდეს".
ხელოვნებათმცოდნეები შენობის დანგრევას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. მათივე შეფასებით, საფრთხე ექმნება მუზეუმში დაცულ ასობით ექსპონატს. მათთვის მიუღებელია მუზეუმთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმაც.