"საყდრისის კომიტეტი" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და პრეზიდენტსა და სამეცნიერო წრეებს მიმართავს. სააგენტოდან 36 ადამიანი გაათავისუფლეს.
მათი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ სააგენტოს მუშაობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა სააგენტოს მართვის ეფექტური მექანიზმების დანერგვით დაწყებულიყო, თანამშრომლების მასიური დათხოვნის პროცესი მიმდინარეობს.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ეროვნულ მუზეუმში ბოლო დროს განვითარებულ საგანგაშო პროცესებს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა მრავალი წელია დიდი გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ფინანსებისა და კადრების სიმწირის გამო ჯეროვნად ვერ პასუხობდა ამ გამოწვევებს, ამიტომ უწყებაში რეფორმების გატარება, რომელიც სააგენტოს გააძლიერებდა და პროფესიული კადრებისთვის მიმზიდველს გახდიდა მისასალმებელიც კი იყო, თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები სულ სხვა ტენდენციაზე მიგვანიშნებს.
ნაცვლად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მუშაობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, სააგენტოს მართვის ეფექტური მექანიზმების დანერგვით დაწყებულიყო სახეზე გვაქვს თანამშრომლების მასიური დათხოვნის პროცესი.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელთან შეუთავსებლობის გამო 2021 წლის დეკემბრამდე დაწესებულება დატოვა 30-მდე ადამიანმა, ხოლო დეკემბერში თავად სააგენტომ გაათავისუფლა კიდევ 30-ზე მეტი თანამშრომელი, მიმდინარე წლის 15 იანვარს დამატებით კიდევ 30 თანამშრომელი. სამწუხაროდ, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს, ისევე როგორც ეროვნულ მუზეუმს იძულებით ტოვებენ ადამიანები, რომელთა კვალიფიკაციაც ეჭვ ქვეშ არასდროს დაუყენებიათ არამცთუ საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც.
15 იანვარს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრის ინიციატივით სააგენტოს ახალი თანამშრომლები იქნებიან კირითხუროები (ოსტატი-ხელოსნები). რა თქმა უნდა, კვალიფიციური კირითხუროების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა აქ ჩნდება ერთი მარტივი კითხვა - კირითხუროები იქნებიან კულტურული მემკვიდრეობის მთავარი ინსტიტუციის ადმინისტრაციული რგოლი?
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომლის ერთადერთ ვალდებულებას მატერიალურ და არამატერიალურ მემკვიდრეობაზე ზრუნვა წარმოადგენს, კირითხუროების გარდა ესაჭიროება არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, ინჟინრები და სხვა. ამიტომ გაუგებარია ერთის მხრივ კვალიფიციური კადრების სიმწირეზე საუბრობდე და მეორეს მხრივ უწყებიდან პროფესიონალ კადრებს ითხოვდე.
სამწუხაროდ, მიმდინარე საკადრო ბატალიების გამო, ყურადღების მიღმა რჩება უმნიშვნელოვანები საკითხები:
რა ვითარებაა გელათში?
რატომ გაჩერდა მუცოს, ატენის სიონის, უჯარმის, კუმურდოს და სხვა ძეგლების მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროექტები?
ასევე ჩვენთვის უცნობია რას აკეთებს ჯერ კიდევ შარშან შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის რეგიონალური ინსპექცია?
ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს ისიც ემატება, რომ კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობა თავს არიდებს კულტურული მემკვიდრეობის დარგში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მოხალისე აქტივისტების ჯგუფებთან ჯანსაღ და საქმეზე ორიენტირებულ კომუნიკაციას. აქვე დავძენთ, რომ ჩვენთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელია რატომ დუმან აკადემიური წრეები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან, თუ რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს თავად კულტურული მემკვიდრეობისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
"საყდრისის კომიტეტი" მოუწოდებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, მეცნიერებსა და დარგის სპეციალისტებს, საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და დაიცვან საკუთარი კოლეგები. ასევე, საჯაროდ მიმართავს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც, მათი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ქომაგობით ნამდვილად გამოირჩევა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და საკითხის შესასწავლად პროცესში ჩაერთოს.
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სააგენტოდან 36 ადამიანი რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლა. გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოში ჩივილს გეგმავენ.