logo
ENG



დევნილები თვითმკვლელობაზე: უბედური შემთხვევა არაა ბატონო მინისტრო, გულგრილობამ გაწირა

17 იან 202217:21
3 წუთის საკითხავი
clock 446

ზღვის უბნის დასახლებაში, სანატორიუმ „ქართლში" მცხოვრები დევნილები ეხმაურებიან ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ გუშინ აქციის დროს ერთ-ერთი დევნილის შენობიდან გადმოხტომა "უბედური შემთხვევაა" და ამას კავშირი არ აქვს საპროტესტო აქციასთან.

დევნილები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა არ იყო და ეს ადამიანი გულგრილმა პოლიტიკამ გაწირა.

"სამარცხვინოა ის პათოსი და ის აგორებული ნარატივი, რასაც გუშინდელის მერე ვაწყდებით. ჯერ კიდევ დილით გვქონდა ეჭვი, რომ სახეზე იყო მცდელობა, ტრაგედიის ნამდვილი მიზეზის სხვადასხვა საკითხით გადაფარვის, ჯანდაცვის მინისტრმა ჩვენი ეჭვი დაადასტურა და განაცხადა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. პასუხისმგებლობას ეს უწყება ისევ არ იღებს და როგორც ჩანს, არც აპირებს. 

დღეს, როცა უნდა ვგლოვობდეთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად, ვდგავართ აქ. ბატონო მინისტრო, ამ ქვეყანაში ადამიანები კვდებიან ნამდვილი და სასტიკი სიკვდილით. ამ ქვეყანაში ადამიანებს კლავს გულგრილობა, უიმედობა და სასოწარკვეთა. სწორედ ეს გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი და ამ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევით", - ამბობენ ისინი.

დევნილების თქმით, გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოთქმული სხვადასხვა ვარაუდები სასოწარკვეთაში მყოფი ადამიანის ღირსების შელახვაა.

"გამოითქვა ვარაუდები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების, ნივთიერებების ავად მოხმარების, კონფლიქტის, ველოდებით სხვა ვერსიებსაც, შესაძლოა სხვაც შემოგვთავაზონ. ეს არის მცდელობა სასოწარკვეთაში მყოფი ადამიანის ღირსების შელახვის", - ამბობენ დევნილები და აღნიშნავენ, რომ ისინი კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულებასა და უსაფრთხო პირობებს ითხოვენ. 

"სრულიად სამარცხვინო და ამორალურია ის განცხადებები, რაც ვრცელდება. ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა მოუცლელო ბატონო მინისტრო, გულგრილმა პოლიტიკამ გაწირა ადამიანი. არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა იმისთვის,რომ ეს ტრაგედია აგვერიდებინა და არცერთი ნაბიჯი არ იდგმება, რომ სხვა ოჯახები იყვნენ დაცულები. 

რა ხანია ვიბრძვით, რა ხანია ვცდილობთ კომუნიკაციას, ჩვენთვის კი არავის სცალია. 29 წელია ვცხოვრობთ ამ პირობებში, დავკარგეთ ქონება, დავკარგეთ სახლი, დავკარგეთ მშვიდი ცხოვრების უფლება, განვითარების პერსპექტივა. ვითხოვთ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულებას, ვითხოვთ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად მოყენებული ზარალის ანაზღაურებას და ადამიანურ, უსაფრთხო პირობებს", - აცხადებენ დევნილები.

16 იანვარს თემქაზე სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილების აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი შენობიდან გადმოხტა. ადგილზე მყოფი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კაცმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. 

თემქაზე დევნილები რამდენიმე დღეა, აქციას მართავენ და მთავრობას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. 

ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი კორპუსი ისედაც დაზიანებული იყო, დღეს კი შენობამ ნგრევა დაიწყო. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ კედლები და ჭერი დაზიანებულია, კორპუსში კი ახალი ბზარები ყოველდღე ჩნდება და ბათქაში იყრება. 


close დახურვა