logo
ENG



სარჯველაძე ლომჯარიას ინიციატივაზე: რად უნდა მედიაცია და პროცესის გართულება?

17 იან 202223:43
3 წუთის საკითხავი
clock 679
სარჯველაძე ლომჯარიას ინიციატივაზე: რად უნდა მედიაცია და პროცესის გართულება?
ფორმულა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ეხმაურება სახალხო დამცველის შეთავაზებას ჯანდაცვის სამინისტროსა და დევნილებს შორის მედიაციაზე და ამბობს, რომ "ბევრი ადამიანი ვითარების არც თუ ისე კეთილსინდისიერად გამოყენებას ცდილობს ". ამაზე მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

"რად უნდა ამას მედიაცია და ბევრი გართულება პროცესის? ღმერთმა ქნას მეჩვენებოდეს, მაგრამ ბევრი ადამიანი ცდილობს ახლა ვითარების არც თუ ისე კეთილსინდისიერად გამოყენებას", - თქვა სარჯველაძემ.

წამყვანის შეკითხვაზე, ამას სახალხო დამცველის მისამართით ამბობს თუ არა, სარჯველაძემ უპასუხა: "ყველას მიმართ, ვინც არ უნდა იყოს".

"მთავარი რაცაა, შედეგზე ვიყოთ აუცილებელი, არ არის აუცილებელი კამერებთნ კეკლუცობა", - თქვა სარჯველაძემ. 

დღეს, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ მზადაა, დევნილებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მედიატორის როლი შეასრულოს. ომბუდსმენის თქმით, მზადაა შეხვდეს ჯანდაცვის მინისტრს, ესაუბროს დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოსავლის გზებზე. 

16 იანვარს თემქაზე სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილების აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი შენობიდან გადმოხტა. ადგილზე მყოფი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კაცმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. 

მომხდართან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ აქციის დროს დევნილის შენობიდან გადმოხტომა "უბედური შემთხვევაა" და ამას კავშირი არ აქვს საპროტესტო აქციასთან. 

თემქაზე დევნილები რამდენიმე დღეა, აქციას მართავენ და მთავრობას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ.

ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი კორპუსი ისედაც დაზიანებული იყო, დღეს კი შენობამ ნგრევა დაიწყო. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ კედლები და ჭერი დაზიანებულია, კორპუსში კი ახალი ბზარები ყოველდღე ჩნდება და ბათქაში იყრება.


close დახურვა