უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სასამართლო პროცესი 19 იანვრამდე გადაიდო. სასამართლო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. დღევანდელი პროცესი დაახლოებით 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პოროშენკო უკრაინაში 17 იანვარს, დილას ჩაფრინდა.
კიევის საერთაშორისო აეროპორტთან პოროშენკოს ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა. საპასპორტო კონტროლთან ყოფილ პრეზიდენტთან გამომძიებელი მივიდა და სასამართლოს უწყისი გადასცა. სასამართლოს პოროშენკოს დაკავების ნებართვა გაცემული ჰქონდა, თუმცა ის არ დაუკავებიათ.
6 იანვარს კიევის პეჩორის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს ქონება დააყადაღა. გადაწყვეტილება სასამართლომ სახელმწიფო ღალატისა და ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მიიღო.
უკრაინის მეხუთე პრეზიდენტს სისხლის სამართლის სამ მუხლს ედავებიან: ტერორიზმის დაფინანსება, სახელმწიფო ღალატი და ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა. მას ედავებიან, რომ წინასწარი შეცნობით გარკვეულ ჯგუფთან ერთად მოქმედებდა, რომელთა შორისაც რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებიც იყვნენ. 2014-2015 წლებში კი თვითგამოცხადებული რესპუბლიკებისგან ქვანახშირს ყიდულობდა, რითაც ტერორისტულ ორგანიზაციებს უწყობდა ხელს.
პოროშენკო ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ მზად არის ებრძოლოს ღალატს.