logo
ENG



თურნავა ENKA-ზე: თუ მზადაა, უფრო მოქნილი გახდეს, სურვილი აქვს, დაბრუნდეს, ამაზე ვისაუბრებთ

19 იან 202200:22
3 წუთის საკითხავი
 
თურნავა ENKA-ზე: თუ მზადაა, უფრო მოქნილი გახდეს, სურვილი აქვს, დაბრუნდეს, ამაზე ვისაუბრებთ

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ მთავრობას სურს, ნამახვანჰესის მშენებელ ინვესტორ "ენკასთან" საარბიტრაჟო დავის გარეშე გაარკვიოს საკითხი. ამის შესახენ მან პირველი არხის გადაცემა "თავისუფალ ხედვაში" ისაუბრა. 

ამასთან, როგორც ის ამბობს, ინვესტორთან მათ დაბრუნებაზეც ისაუბრებენ, თუკი "მზადაა უფრო მოქნილი გახდეს, კომუნიკაციაში შევიდეს მოსახლეობასთან და გარემოსდაცვით საკითხებს სწორად უპასუხოს". 

"მიუხედავად იმისა, როგორ წარიმართება ჩვენი შემდგომი ურთიერთობები კომპანია ენკასთან, ან ნებისმიერ კონკრეტულ ინვესტორთან, მიუხედავად იმისა, შეასრულებს, თუ არა იგი ვალდებულებებს, შეძლებს თუ არა სწორ კომუნიკაციას პროექტის ირგვლივ, თვითონ პროექტი არ უნდა დაზიანდეს. 

ინვესტორთან შევეცდებით, არბიტრაჟის და დავის გარეშე, რომელიც ჯერ არ დაწყებულა, დავხუროთ ეს ფურცელი.

თუ დავინახავთ, რომ ინვესტორი მზადაა, უფრო მოქნილი გახდეს, კომუნიკაციაში შევიდეს მოსახლეობასთან, გარემოსდაცვით საკითხებს სწორად უპასუხოს, ამის სურვილი გააჩნია, რომ დაბრუნდეს, ამაზეც ვისაუბრებ. თუ მოლაპარაკების შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვირჩევნია და ინვესტორსაც ურჩევნია, დავცილდეთ, გვინდა დავის გარეშე მოხდეს, ურთიერთმისაღები პირობებით. 

ნებისმიერ შემთხვევაში, სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტები უნდა განვითარდეს და გვაჩვენა ამ ნამახვანის პერიპეტიებმა, რომ ასეთ სტრატეგიულ პროექტებში, რა თქმა უნდა, მეტ ნდობას იწვევს ფაქტი, თუკი სახელმწიფო ლიდერია", - თქვა ნათია თურნავამ. 

22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორია.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ერთი წელი მიმდინარეობდა. 2021 წლის 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისშიც აპროტესტებდნენ. 

საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმითმხოლოდ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი იმ ზარალზე, რასაც ხელშეკრულების შეწყვეტით ბიუჯეტი მიიღებს.

 


close დახურვა