logo
ENG



როგორ ხსნის პაპუაშვილის კაბინეტი ევროპარლამენტარების ვიზიტის ჩაშლას

22 იან 202213:23
3 წუთის საკითხავი
 
როგორ ხსნის პაპუაშვილის კაბინეტი ევროპარლამენტარების ვიზიტის ჩაშლას

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ჟან მონეს დიალოგის ჩაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც აღნიშნულია, შეფერხება პარლამენტის ახალი თავმჯდომარისა და ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტის არჩევას უკავშირდება.

გარდა ამისა, პაპუაშვილის კაბინეტი აკრიტიკებს ევროპარლამენტარებს მათი განცხადების გამო, რომელიც ჟან მონეს დიალოგის ჩაშლას ეხებოდა. 

"ჟან მონეს დიალოგი არის არა სპონტანური და ცალმხრივად დაგეგმილი აქტივობების ფორმატი, არამედ თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესი.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, მისი სწორი მომზადება და განხორციელება, რათა ეს ინსტრუმენტი პოლარიზების შემცირების ნაცვლად, თავად არ იქცეს პოლარიზების წყაროდ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ ჟან მონეს დიალოგის ინიცირებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პრეზიდენტთან კომუნიკაციის დაწყების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე და ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტი იქნა არჩეული.

დიალოგის პროცესში, თავმჯდომარეების პირადი როლისა და ჩართულობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, დიალოგის დაწყების მომზადებამდე, შედგეს შეხვედრა ახალარჩეულ თავმჯდომარეებს შორის და მოხდეს შეთანხმება დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მოსამზადებელი ვიზიტის დაგეგმვა სწორედ ამის შემდეგ იქნება ლოგიკური და მიზანშეწონილი. აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდა ევროპარლამენტის შესაბამის სამსახურებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

თავმჯდომარის კაბინეთში აღნიშნავენ, რომ 21 იანვარს სამი ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადება "მხოლოდ და მხოლოდ ზრდის პოლარიზაციის რისკებს და ხელს არ უწყობს დიალოგის დაწყების პროცესს":

"შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, სასურველია ევროპარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სრულად გაასაჯაროონ საქართველოს პარლამენტის კაბინეტთან წარმართული კომუნიკაცია ჟან მონეს დიალოგის მოსამზადებელ ვიზიტთან დაკავშირებით".

ჟან მონეს დიალოგი საპარლამენტო ფორმატია, რომელიც ხორციელდება ევროპარლამენტის პრეზიდენტის და შესაბამისი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის შეთანხმების საფუძველზე და მიზნად ისახავს ქვეყნის შიგნით საპარლამენტო პარტიებს შორის დიალოგის წახალისების მხარდაჭერას.

ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც 21–22 იანვარს იყო დაგეგმილი გაუქმდა. როგორც ევროპარლამენტარების, ვიოლა ფონ კრამონის, მარინა კალიურანდისა და მირიამ ლექსმანის განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის გაუქმების მიზეზია ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა მოლაპარაკებებში ჩასართავად.


close დახურვა