თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები კვლავ საფრთხის ქვეშ არიან და დახმარებას ითხოვენ. არაერთი საპროტესტო აქციის მიუხედავად, სანატორიუმში მცხოვრებლების პრობლემები არ მოგვარებულა.
16 იანვარს, 52 წლის ზურაბ ქირიამ, რომელიც 300 დევნილთან ერთად "სიცოცხლისთვის საშიში შენობიდან" გასახლებას ითხოვდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის მე-7 სართულის სახურავიდან გადახტა.
შაბათის ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა შენობაში არსებული ვითარება გადაიღო და ასევე იქ მცხოვრებ დევნილებს გაესაუბრა. იყო მცდელობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბკიკიდან დევნილთა მინისტრთან, დავით ფაცაციასთან გასაუბრების, თუმცა მინისტრი გადამღებ ჯგუფს დაემალა.
აღსანიშნავია, რომ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ქირიას ოჯახს არც პრემიერმა და არც მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა მიუსამძიმრეს. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ცინიკური იყო. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ქირიას თვითმკვლელობა უბედური შემთხვევა იყო. კერძოდ, ხელისუფლება ამბობდა, რომ ქირია ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არ ჰქონდა დევნილთა სოციალურ პრობლემებთან. ასევე ხელისუფლება ხელს ისევ ნაციონალური მოძრაობისკენ იშვერდა.
შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ზურაბ ქირია 22 წლის იყო, როცა ომის შემდეგ, ოჯახთან ერთად სანატორიუმ ქართლში დასახლდა. მას შემდეგ სანატორიუმის შენობაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. გარკვეული დროით ის ცოლ-შვილთან ერთად ემიგრაციაშიც იყო წასული, თუმცა საქართველოში 2 წლის წინ დაბრუნდა.
გარდაცვლილის მეზობელი მაკა ფარულავა შაბათის ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ის სახურავისკენ გაქცეულ ქირიას გაედევნა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოასწრო.
საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენებულ სანატორიუმში აფხაზეთიდან დევნილები 30 წელია სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ შენობაში ცხოვრებენ. შენობა ნგრევის პირასაა, ბუნებრივი აირი არ არის, დევნილები კი შეშის ან ელექტრო ღუმელით თბებიან. წვიმის დროს წყალი ოთახებში ჩამოსდით.
ზურაბ ქირიას თვითმკვლელობიდან 4 დღეში ჯანდაცვის სამინისტროდან სანატორიუმ ქართლში მცხოვრებმა დევნილებმა წერილები მიიღეს. უწყება მათ ჰპირდება, რომ ერთ წელში ბინებს მიიღებენ, თუმცა, კონკრეტული თარიღი უცნობია. დევნილებს ამ დაპირების არ სჯერათ, უმრავლესობამ სამინისტროს წერილები პროტესტის ნიშნად დახია.
კიდევ ერთი დევნილი თამაზ ჯოჯუა სანატორიუმში ცხოვრებას ასე აღწერს: - ეს რას ნიშნავს? - "სიკვდილთან ერთად ძილს".
"არავითარი იმედი არ არსებობს. 2015-დან ასე გვეუბნებიან მეშვიდე წელია, ახლა დავიჯეროთ? ეს ყველაფერი ტყუილია. ჩვენ აქ ვიქნებით, სანამ არ მოვყვებით ცინკარში ალბათ", - ამბობს დევნილი ანგელინა კვარაცხელია.
ზურაბ ქირიამ სანატორიუმში მცხოვრებ დანარჩენ დევნილებთან ერთად საპროტესტო აქციები გასული წლის დეკემბერში დაიწყო. მას შემდეგ რაც შენობას ახალი ბზარები გაუჩნდა, და იქ ცხოვრება კიდევ უფრო საშიში გახდა, თუმცა მათი პრობლემები ამ დრომდე მოუგვარებელია.
ზურაბ ქირია დღეს ძმისა და დედის გვერდით დაკრძალეს. ორშაბათიდან კი დევნილები საპროტესტო აქციებს განაახლებენ.