logo
ENG



"გვინდა პირდაპირი კომუნიკაცია ჯანდაცვის მინისტრთან" - დევნილები პროტესტს აგრძელებენ

24 იან 202211:40
3 წუთის საკითხავი
clock 414
ნიკა საჯაია / ფორმულა

ერთკვირიანი გლოვის შემდეგ სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები აქციას ჯანდაცვის სამინისტროსთან აგრძელებენ. მათი თქმით, ზურაბ ქირიას ტრაგიკულად გარდაცვალების მიუხედავადაც, ხელისუფლებისგან ადეკვატურ შეთავაზებებს ისევ ვერ იღებენ. სანატორიუმის მცხოვრებლები ითხოვენ უსაფრთხო თავშესაფარს და ჯანდაცვის მინისტრთან პირისპირ შეხვედრას. 

"ჩამოვიდეს ვინმე ზემოდან და ჩვენი წარმომადგენლები ავლენ. უბრალოდ გვინდა პირდაპირი კომუნიკაცია ჯანდაცვის მინისტრთან", - განაცხადა ლეილა კვარაცხელიამ ფორმულასთან საუბრისას. 

სანატორიუმის კიდევ ერთი მცხოვრები ლეილა კარტოზია ყვება, რომ მათი მოთხოვნები ბინებით დაკმაყოფილებაზე უცვლელია და განმარტავს, რატომ არის მათთვის მიუღებელი სახელმწიფოს შეთავაზება. 

"ჩვენი კონკრეტული მოთხოვნა რჩება, რომ შეისყიდონ ის ბინები, რასაც ვითხოვდით. თუ ვერ შეისყიდიან, ის თანხა, რაც გვეკუთვნის, დაგვერიცხოს ბარათზე და თავად შევიძენთ.

ძალიან ძნელია ჩვენთვის ამ ფართის მოძიება, თვითონ ადვილადაც შეძლებენ. ჩვენთან ბევრი ასაკოვანი და მარტოხელა ცხოვრობს, ესეც გასათვალისწინებელია.

ქირის შემოთავაზებაზე ვერ წავალთ. აქ გარანტიას იძლევიან 1 წელს. მაქვს გარანტია, რომ კორპუსია, თუ სახლი, ერთ წელში აშენდება? ჩვენ უკან მოსაბრუნებელი გზა აღარ გვრჩება", - ამბობს ლეილა კარტოზია ფორმულასთან საუბარში. 

ხელისუფლება ირწმუნება, რომ სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ, მანამდე კი მათ სააგენტო ქირით გაყვანას სთავაზობს. 

დევნილთა სააგენტომ ქართლში მცხოვრებ ოჯახებზე გასცეს დაპირება და მათ განსახლების ორი გზა შესთავაზეს:

1. დევნილ ოჯახებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომელის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ექვივალენტს ლარში;

2. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.

16 იანვარს თემქაზე სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილების აქციაზე ერთერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი შენობიდან გადმოხტა. ადგილზე მყოფი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კაცმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. 

დევნილები მთავრობას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი კორპუსი ისედაც დაზიანებული იყო, დღეს კი შენობამ ნგრევა დაიწყო. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ კედლები და ჭერი დაზიანებულია, კორპუსში კი ახალი ბზარები ყოველდღე ჩნდება და ბათქაში იყრება. 


close დახურვა